“ლივერპულმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერთან“ უგოლო ფრე ითამაშა. სხვა დროს, ეს, შესაძლოა, კარგი შედეგიც ყოფილიყო იურგენ კლოპის გუნდისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეგებ ჩემპიონობის დაკარგვის ტოლფასი იყოს. დიახ, „წითლები“ ისევ გალიდერდნენ, ერთი ქულით გაუსწრეს უშუალო მდევარ „სიტის,“ მაგრამ ამ გუნდების ბოლოდროინდელ სათამაში ფორმას თუ შევადარებთ, კინკილა ქულით უპირატესობა, დიდი ვერაფერი შეღავათი უნდა იყოს.
საკუთრივ მატჩმაც ვერ გაამართლა მოლოდინი. მასპინძლები, პირველ ტაიმში, ტრავმების გამო, იძულებული გახდნენ სამივე შეცვლა გამოეყენებინათ და რთულ ვითარებაში აღმოჩდნენ. მაგრამ „ლივერპული“ არ ცდილობდა თამაში გაემწვავებინა. საერთოდ, მთელი დრო ისე გაილია, ხეირიანი საგოლე მომენტიც არ შექმნილა.
მასპინძელთა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა მერე თქვა: „პირველ ტაიმში საქმე ცუდად წაგვივიდა. ოთხი ფეხბურთელი დაგვიშავდა, მაგრამ ფეხმტკივანი რაშფორდის მინდორზე დატოვება მაინც მოგვიხდა, სხვა გზა არ იყო. თუმცა, არ მახსენდება „ლივერპულს“ ერთი შანსი მაინც შექმნოდა. დიახ, მათ ბურთის ფლობაში ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ დე ხეა თამაშში ხეირიანად არც ჩართულა.“ - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.
სხვათა შორის, ესპანელი მეკარისთვის ეს მე-100 „მშრალი“ მატჩი გამოდგა პრემიერლიგაში.
დღის მეორე მატჩში, „არსენალმა“ „საუთჰემპტონს“ ლაკაზეტისა და მხითარიანის ადრეული გოლებით მოუგო და 53 ქულით მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
ინგლისი
პრემიერლიგა. 27-ე ტური. 24 თებერვალი
მანჩესტერი - ლივერპული 0:0
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 519
მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ, მაკტომინეი, ერერა (პერეირა 21), პოგბა, მატა (ლინგარდი 25, სანჩესი 43), რაშფორდი, ლუკაკუ
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, მატიპი, ვან დეიკი, მილნერი, ფაბინიო, ჰენდერსონი (შაჩირი 83), ვეინალდუმი, მანე, სალაჰი (ორიჯი 80), ფირმინო (სტარიჯი 31)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გაფრთხილება: იანგი (82); მილნერი (23), შაჩირი (83), ვეინალდუმი (90)
არსენალი - საუთჰემპტონი 2:0
ლონდონი. „ემირეითსი.“
1:0 ლაკაზეტი (6), 2:0 მხითარიანი (17)
არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, ლიხტშტაინერი (კოშელნი 59), მუსტაფი, კოლაშინაცი, მხითარიანი, რემზი (იოზილი 63), ტორეირა, აივობი (ობამეიანგი 75), ჯაკა, ლაკაზეტი
მწვრთნელი: უნაი ემერი
საუთჰემპტონი: განი, ვესტერგორი, სტეფენსი (ოსტინი 46), ბედნარეკი, რომეუ, უორდ-პროუსი, არმსტრონგი (ობაფემი 46, ელიუნუსი 65), ჰოიბერგი, ტარგეტი, ვალერი, რედმონდი
მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი
მსაჯი: გრემ სქოთი
გაფრთხილება არ ყოფილა