გერმანიის II ბუნდესლიგაში 2019 წელს ისევ დაუმარცხებელია გიორგი ლორიას „მაგდებურგი. მიხაელ ოენინგის გუნდი 23-ე ტურში „პადერბორნს“ მასპინძლობდა და ქულა მოიპოვა.
„მაგდებურგმა“ პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა 70-ე წუთზე გაუშვა და შეხვედრაც ასე დასრულდა. ლორიამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ - ჰუნემაიაერმა ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველმა მეკარემ 2 სეივი შეასრულა.
ეს ლორიას ზედიზედ მეხუთე თამაში იყო გერმანული გუნდის მაისურით, სამი გოლი გაუშვა და „მაგდებურგმა“ 11 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 2 ფრე, ორი მშრალი მატჩი). ეს ზუსტად იმდენია, რამდენიც მანამდე 18 შეხვედრაში ჰქონდა მოპოვებული (1 მოგება, 8 ფრე, 9 წაგება).
მოკლედ, გიორგიმ „მაგდებურგის“ სასტარტოში ფეხი მოიკიდა და მისი გუნდიც არ აგებს მასთან ერთად. ოენინგის შეგირდებს 23 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.
მომდევნო ტურში „მაგდებურგი“ 1-ელ მარტს სტუმრად ბოლოადგილოსან „დუისბურგს“ დაუპირისპირდება.