კვიპროსის ჩემპიონატის XXII ტურში შესანიშნავი თამაში ჰქონდა ნიკა კაჭარავას. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „ერმისის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და „ანორთოსისს“ მოაგებინა - 3:2.
თუმცა, მხოლოდ ეს არაა. რიკარდო ლაბორდემ მე-12 წუთზე ანგარიში სწორედ კაჭარავას გადაცემით გახსნა. შემდეგ მასპინძლებმა მოიპოვეს უპირატესობა, ორი გოლი გაიტანეს და 83-ე წუთამდე იგებდნენ.
მანამ, სანამ საქმეში ისევ ნიკა არ ჩაერთო. ჩვენებურმა მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ნიკოლას სტეფანელიმ გოლად აქცია. მსაჯის მესამე კომპენსირებულ წუთზე კი ქართველმა ფორვარდმა თავად გაიტანა და ფამაგუსტელებმა მოიგეს.
კაჭარავამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბექა მიქელთაძე განაცხადში არ ყოფილა. ცნობისთვის, კაჭარავასთვის ეს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-17 თამაშში მე-4 გოლი გამოდგა, ისე კი, სათასო შეხვედრებშიც აქვს გატანილი ორი გოლი.
22 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 28 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 საფეხურზე იმყოფება (ფამაგუსტელებს წესით 34 ქულა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ფედერაციამ 6 ქულა დააკლო).
სხვათა შორის, „ანორთოსისში“ სერიოზული ფინანსური პრობლემებია და ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა პრესკონფერენციაზე ყველა ფეხბურთელი იახლა და პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრა:
„მე არ მინდა ვინმეს მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო, მაგრამ ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ გუნდის აზრია და მოხარული ვარ, რომ მთელი გუნდი აქაა. ჩვენ გვაქვს 34 ქულა, ევროსაგზურებისთვის უნდა ვიბრძოდეთ, რომ არა ჩამოკლებული ქულები. ჩვენ ექიმიც კი აღარ გვყავს, ჩემმა ასისტენტმა გუნდი დატოვა, რადგან სამი თვე ხელფასი ვერ აიღო. ჩემთვის ბრძოლა ძალიან რთულია.
დღეს ბოლოს გავიტანეთ და 3:2 მოვიგეთ. ალბათ არ დაგვიმსახურებია გამარჯვება, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ. როდესაც ხელფასს არ გიხდიან და ექიმებიც არ გყავს, ყველაფერი რთულდება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ლამაზ კლუბს სათანადო ადილზე დააბრუნებენ“, - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.