ჩოგბურთი

14:25 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის რთული წილისყრა დუბაიში
ქართველ ჩოგბურთელს რუს კარენ ხაჩანოვთან შერკინება ელის

ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც დღეს 27 წელი შეუსრულდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში დაგეგმილ პრესტიჟულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) მძიმე წილისყრა ერგო.

ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში (სტარტს 25 თებერვალს აიღებს) ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფი – 22 წლის რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელსაც დუბაიში მე-4 განთესვა გააჩნია.
საინტერესოა, რომ ნიკოლოზს კარენთან 4-ჯერ უთამაშია და ჯერჯერობით, თანაბარი ბალანსი აქვს. 2014 და 2016 წლებში, გერმანულ ჩელენჯერებზე, ქართველმა რუსს 2-ჯერ – 6:1, 6:4 და 6:2, 4:6, 6:4 სძლია. აი, შემდეგ კი, უპირატესობა ხაჩანოვის მხარეს გადავიდა, რომელმაც 2016 წელე ვენის ტურნირზე ჩვენებურს 6:2, 7:5 მოუგო, ხოლო 2017-ში, სტამბულში – 6:3, 6:7 (2:7), 6:1.
თუკი ბასილაშვილმა რთული ბარიერი დასძლია, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს და დიდი ალბათობით, მერვედფინალში, ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ - ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან ჭიდილი მოუწევს, რომელიც კლასიფიკაციაში მე-18 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ თავად ნიკოლოზი მსოფლიოს მე-20 ჩოგანია, თუმცა კი, ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-19 საფეხურზე გახლავთ.
ვთქვათ ისიც, რომ საამიროებში პირველი განთესვა იაპონელ კეი ნიშიკორის გააჩნია, ფავორიტთა შორის კი ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ხორვატები მარინ ჩილიჩი და ბორნა ჩორიჩი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი, კანადელი მილოშ რაონიჩი და რუსი დანიილ მედვედევიც იმყოფებიან.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ ბასილაშვილი დუბაიში ძალებს წყვილთა თანრიგშიც სცდის. ის კვლავ ბრიტანელ მეტიუ ებდენთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში მე-2 განთესვის მქონე სამხრეთაფრიკულ ავსტრალიურ დუეტს (რავენ კლაასენი-მაიკლ ვენუსი) გაეჯიბრება.

0.116532