სხვა

14:05 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

ეგვიპტის დედაქალაქში ხმლით ფარიკაობაში მიმდინარე გრან პრიზე შეჯიბრების პირველი დღე დასრულდა. ჯგუფურ ეტაპზე 126 მოფარიკავე ჩაება და საბოლოოდ გამოვლინდა 48 საუკეთესო, რომლებიც რეიტინგის საუკეთესო 16 სპორტსმენთან ერთად მედლებისათვის იბრძოლებენ.

ოთხი ქართველი მოფარიკავიდან ასპარეზობას სამი განაგრძობს. სამწუხაროდ, T64-ში მოსახვედრად ბექა ბაზაძე და საბა სულამანიძე შეხვდნენ. გამარჯვება უფრო გამოცდილმა ბექამ მოიპოვა 15-8, მიხეილ მარდალეიშვილმა კი უკრაინელ ბოგდან პლატონოვს 15-13 მოუგო. მანამდე სანდრო ბაზაძემ ჯგუფურ ეტაპზე ექვსი გამარჯვების შემდეგ პირდაპირ გაინაღდა უძლიერესთა შორის გამოსვლის უფლება.
გადამწყვეტი შეხვედრები დღეს გაიმართება. საქართველოს დროით 14:15 მიშა მარდალეიშვილი ირანელ FIE-ს რეიტინგის 70-ე ნომერს მოჰამად რაჰბარის შეხვდება, 15:30-ზე სანდრო ბაზაძე თურქ, FIE-ს რეიტინგის 55-ე ნომერს ენვერ ილდირიმს დაუპირისპირდება, ყველაზე რთული მეტოქე კი ბექა ბაზაძეს ერგო. 15:45-ზე ბექა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, FIE-ს რეიტინგის მე-4 ნომერთან, არონ სზილაგისთან იფარიკავებს.

დღეს, კაიროში უკვე დასრულდა ჯგუფური ეტაპი ხმლით მოფარიკავე ქალთა გრან პრიზე, სადაც დარეგისტრირებულ 130 მოფარიკავეს შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონი თეოდორა კახიანიცაა. მან ხუთიდან სამი შეხვედრა მოიგო და პლეი ოფის პირველ ეტაპზე ყაზახეთის წარმომადგენელ ტამარა პოვეკუტოვას შეხვდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.121262