დღეს ნიონში, ქალთა შორის ევროპის 2021 წლის ჩეპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-5 კალათაში იყო მოთავსებული ევრო 2021-ის მე-2 შესარჩევ B ჯგუფში მოხვდა იტალიის, დანიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად.
წილისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგა, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 6 გუნდიან ჯგუფში მოხვდა. შესარჩევი ჯგუფის მატჩები, მიმოსვლითი ფორმულით, 2019 წლის 26 აგვისტოდან, 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
წელს, უეფა-ს შტაბ-ბინაში, ევრო 2021- ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, მასპინძელი ინგლისის ჩათვლით 48 გუნდი იყო დარეგისტრირებული. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველად, ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარეზებს კვიპროსის გუნდი. რაც შეეხება აზერბაიჯანის ქალთა ეროვნულ ნაკრებს იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება საკვალიფიკაციო ეტაპში.
ინგლისამდე მისასვლელად ქალთა გუნდებს შემდეგი გზის გავლა უწევთ:
ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი:
2019 წელი
26 აგვისტო - 3 სექტემბერი
30 სექტემბერი - 8 ოქტომბერი
4-12 ნოემბერი
2020 წელი:
2–11 მარტი
6–14 აპრილი
1–9 ივნისი
14–22 სექტემბერი
2020 წლის 25 სექტემბერი - ნიონი, ფლეი-ოფის წილისყრა.
19 და 27 ოქტომბერი (ორ-რაუნდიანი) ფლეი-ოფი.
2020 წლის ბოლოს, ინგლისში გასამართი ფინალური ტურნირის წილისყრა.
2021 წლის ივლისი, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი.
შესარჩევი ეტაპიდან ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, 9 ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს, რომლებსაც 3 საუკეთესო მეორე ადგილოსანი (გუნდები, რომლებსაც თავის მხრივ, ნაჩვენები ექნებათ კარგი შედეგები პირველ აგილზე გასულ გუნდთან, შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთეადგილოსნებთან) შეუერთდება.
ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 6 გუნდი, 2020 წლის ოქტომბერში ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო 3 მონაწილეს გამოავლენს.
www.gff.ge