ბლოგი

10:50 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ათიდან შვიდი

არამარტო გასული კვირის, ალბათ 2019 წლის საქართველოს მთავარი სპორტული მოვლენა მსოფლიო ძიუდოისტთა ათეულის გამოქვეყნება იყო, სადაც მართლაც რომ ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა და საუკეთესო ძოუდოისტთა ათეულში ერთბაშად შვიდი(!) ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ შვიდიდან ორი (ნიკოლოზ შერაზადაშვილი და რობერტ მოდებაძე) სხვა ქვეყნების სახელით გამოდიან, ჩვენ მაინც შვიდივეს წარმატება უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს ყველაფერი პირველყოვლისა ქართული ძიუდოს სკოლის მაღალი კლასის უდავო აღიარება და დადასტურებაა.

კლასიკური სტილით ჭიდაობისა არ იყოს, ბოლო წლებში ქართულ ძიუდოშიც მრავალი სკანდალი და გაურკვევლობა იყო. ამას დაემატა მუდმივი და თანმდევი პრობლემა - თაობათა ცვლა და პესიმისტურად განწყობილი ქომაგები იმასაც კი ვარაუდობდნენ, რომ უახლოეს წლებში ქართველი ძიუდოისტებისგან განსაკუთრებულ შედეგებს ნაკლებად უნდა დავლოდებოდით და უფრო მეტად მომავლის იმედი გვქონოდა. თუმცა, ყველა სახის ტურნირებზე ერთად აღებული მაჩვენებლების მიხედვით, სრულიად საპირისპირო და შესაბამისად სასიხარულო რეალობა მივიღეთ.

სპორტის ყველა სახეობისადმი ჩვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფაქტია, რომ მსგავსი მიღწევა ჯერჯერობით სპორტის ფაქტობრივად არც ერთ სახეობაში არ გვქონია. კი ბატონო, ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც რეიტინგის თავშიცაა და მეტოქეებს გვარიანადაც უსწრებს, მაგრამ ლაშა ერთია, მის უკან კი დედამიწის კიდით-კიდემდე გაფანტული ქვეყნების წარმომადგენელი ძალოსნები გადი-გამოდიან. საუკეთესო ათეულში ერთბაშად შვიდი ქართველის ყოფნა კი როგორც იტყვიან, “ოცნებაზე მეტიცაა“.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ერთი ჩემი მეგობარიო ხუმრობდა, ათეულში მყოფ ერთადერთ იაპონელს, ნასიმოტო სოიჩის როგორ გაუმართლა, თორემ იაპონელმა აბა ძიუდო ისე კარგად საიდან იცის, ათეულში რომ შეღწიაო. ეგ კი არა, ძიუდოთი მუდამჟამს თავმომწონე რუსეთიც კი, ერთადერთი სპორტსმენითაა წარმოდგეილი და ისიც ქართველი რობერტ მოდებაძეა. არადა, ჩვენ კარგად ვიცით და არაერთხელ გვინახავს ვლადიმერ პუტინი ფინანსურად თუ პოლიტიკურად როგორ მფარველობს რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრებს და კიმანოთი თავმომწონე ვლადიმერ ვლადიმერის ძეც ბევრჯერ გვინახავს.

რაც შეეხება ათეულის სათავეში დამსახურებულად მყოფ ვეტერან, მაგრამ უკვე ლეგენდად ქცეულ ვარლამ ლიპარტელიანს და ჩვენს მთავარ იმედს - გურამ თუშიშვილს... ვფიქრობ ეს ხალხი ჩვენგან და ქართული სახელმწიფოსგან უფრო მეტ დაფასებას იმსახურებენ. მათი წარმატებები სანიმუშო უნდა იყოს ყველასათვის. საკვირველია, ქვეყანას ასეთი ხალხი ყავდეს და ტელეეკრანებიდან თუ ბილბორდებიდან დღენიადაგ სრულიად გაურკვეველი და უცნაური ადამიანები გვიმზერდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ დაფასება მხოლოდ ფულად ანაზღაურებას (თუმცა არც ესაა უმნიშვნელო) არ ნიშნავს. სპორტსმენის სახალხო სიყვარულისა და დაფასების ნამდვილი მაგალითი კი რა თქმა უნდა არგენტინელი დიეგო მარადონაა. მარადონას სიგიჟეები დღეს ხალხს უკვე დავიწყებული აქვს და იგი ჭეშმარიტად სახალხო გმირია. მე ვფიქრობ, რომ დამსახურებულადაც!

0.12196