ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სენტ-ლუისში დასრულდა ქალთა უძლიერესი დახურული ტურნირი (Cairns Cup) ორი ქართველი დიდოსტატის - ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის მონაწილეობით.
მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის წამყვანი 10 დიდოსტატი ქალი ერთმანეთს წრიული სისტემით ეჯიბრებოდა.
ტურნირი პირველად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 150 000$-ს შეადგენდა საიდანაც გამარჯვებული 40 000$-ით დაჯილდოვდა; მე-2 ადგილი - 30 000$; მე-3 - 20 000$; მე-4 - 15 000$; მე-5 - 10 000$; მე-6 - 9 000$; მე-7 - 8 000$; მე-8 - 7000$; მე-9 - 6 000$; მე-10 – 5 000$;
ქართველი მოჭადრაკეების გარდა, მონაწილეთა შორის იყვნენ: მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ელიზაბეტ პაეტცი, მარი სებაგი, დრონავალი ჰარიკა, ჟანსაია აბდუმალიკი, ირინა კრუში და ანა ზატონსკიხი.
შეჯიბრი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. გამარჯვებისთვის ძირითადად გუნინა და კოსტენიუკი იბრძოდნენ, ხოლო ქართველმა მოჭადრაკეებმა შედარებით პასიურად დაიწყეს ასპარეზობა, თუმცა შემდეგში მდგომარეობა გამოასწორეს. საბოლოოდ, ეროვნული ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მეოთხე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა, ხოლო ბელა ხოტენაშვილმა 8-9 ადგილები გაინაწილა. ბოლო ტურში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და შავი ფიგურებით ძაგნიძემ იმარჯვა.
სატურნირო ცხრილი:
1. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2501) – 7 ქულა;
2. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2532) – 6.5 ქულა;
3. ირინა კრუში (აშშ, 2435) – 5,5 ქულა;
4. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2513) – 5 ქულა;
5-6. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2471), ჟანსაია აბდუმალიკი (ყაზახეთი, 2468) - 4,5 ქულა;
7. ანა ზატონსკიხი (აშშ) – 3,5 ქულა;
8-9. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2491), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2476) – 3 ქულა;
10. ელიზაბეტ პაეტცი (გერმანია, 2466) – 2,5 ქულა.