პარიზში მიმდინარე საფრანგეთის "დიდი პრიზის“ IX გათამაშებაში, რომელიც პნევმატური იარაღიდან სროლაში ტარდება და ამავე ტიპის იარაღზე მარტში ხორვატიაში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, დღეს შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართა.
ჩვენები ამჯერად უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ სტარტზე გასული სამი წყვილიდან ორი ფინალში გავიდა, მესამეს კი დამატებითი მაჩვენებლები არ ეყო საამისოდ. თანაც, ჩვენმა ორივე ფინალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ მრავალრიცხოვან წყვილთა შორის პირველ ადგილზე დაასრულა, ფინალური სერიის შემდეგ კი მეოთხე-მეხუთე ადგილებზე დარჩნენ.
უფროსებში ჩვენგან ორი დუეტი გამოდიოდა: ნინო სალუქვაძე და მისი შვილი ცოტნე მაჭავარიანი და ნინო ხუციბერიძე-ლევან ქადაგიძე, ახალგაზრდებში კი - ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილი.
უფროსებში ფინალში 2-2 რუსული და ფრანგული წყვილი და ერთიც ჩვენი დუეტი გავიდა. თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის 24 წყვილს შორის საუკეთესო შედეგი - 771 ქულა ქართველებმა აჩვენეს: სალუქვაძემ 387 ქულა დააგროვა, მაჭავარიანმა - 384. მათ 1 ქულით აჯობეს რუსთა პირველ დუეტს - ვიტალინა ბაცარაშკინა- არტემ ჩერნოუსოვი. მესამეზე 767-ით რუსთა მეორე წყვილი გავიდა - სვეტლანა მედვედევა-ვადიმ მუხამეტიანოვი, ფინალური ხუთეულის ბოლო ორ საფეხურზე კი ფრანგები განლაგდნენ. თუმცა მათი პირველი გუნდი - ცელინ გობერვემ და ფლორიან ფუქემაც ამდენივე ქულა დააგროვეს, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ რუსებს; სამაგიეროდ, ფრანგთა მეორე დუეტმა - მეთიუ პერიმ და მატილდე ლამოლიმ ჩვენებს - ხუციბერიძე-ქადაგიძის წყვილს აჯობეს ასევე დამატებითი მაჩვენებლებით, თორემ ორივემ საკვალიფიკაციო ეტაპი 761-761 ქულით დაასრულა.
ფინალში დედა-შვილის დუეტი მეხუთე ადგილზე დარჩა - 333.0 ქულა. პირველ მეორე ადგილებზე რუსები გავიდნენ - ოქრო ბაცარაშკინა-ჩერნოუსოვის წყვილმა ირგუნა 486,4-ით. ვერცხლი მედვედევა-მუხამეტიანოვმა ირგუნა, ბრინჯაოს კი ფრანგთაგან უფრო უტიტულო პერი-ლამოლის დუეტმა დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე-მაჭავარიანის წყვილი იანვარშიც ფინალში გავიდა, რაც მათ კარიერაში პირველად მოხდა, ახლანდელი გამოსვლა კი გვაფიქრებინებს, რომ უკვე აუღეს ალღო ამ ახალი დისციპლინის სპეციფიკას.
ახალგაზრდებში საკვალიფიკაციო ეტაპში მოსულიშვილმა 385 ქულა დააგროვა, კილაძემ - 382, ჯამში კი ჩვენს დუეტს 767 ქულა გამოუვიდა, რაც პირველი შედეგი აღმოჩნდა. 762-ით მეორეზე მასპინძელთა პირველი გუნდი გავიდა - კამილე იედრჟევეცკი-ედუარდ დორტომი, ამათ კი საგრძნობლად ჩამორჩა ბორდოს კლუბის წყვილი - ანაბელ პიოჩი და ნიკოლას ტელი 756 ქულით გავიდნენ მესამეზე.
ფინალში ჩვენებმა ერთი წრე გაიარეს და მეოთხე ადგილზე დაასრულეს გამოსვლა - 365.9 ქულა. ჩემპიონი ფრანგთა ზემოხსენებული პირველი წყვილი გახდა 477.9-ით. ვერცხლი 471.8-ით რუსებმა იანა ენინამ და ანტონ არისტარკოვმა მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ბორდოული კლუბი დაეუფლა.
ტურნირი ხვალ დასრულდება, როცა შეჯიბრება ისევ პირად პირველობაში გაიმართება.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური