კალათბურთი

14:35 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილის 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 დაფარება “ოჰაიო სტეიტთან” მოგებულ მატჩში

გიორგი ბეჟანიშვილის მორიგი წარმატებული მატჩი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში. “ილინოისმა” მწირქულიან, დაძაბულ შეხვედრაში Big Ten-ის ზემძლავრ კონფერენციაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. ილინოისელეები სტუმრად შეხვდნენ მათზე 1 გამარჯვებით წინ მყოფ “ოჰაიო სტეიტს”, რომელიც 63:57 დაამარცხეს, ქართველი მძიმე ფორვარდი კი გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო.

ბეჟანიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი დაგროვდა. ბეჟანიშვილს პასივში 5 დაკარგვა და 1 პერსონალური ჰქონდა.

ილინოისელთაგან 15-15 ქულა მოაგროვეს აიო დოსუნმუმ და ტრენტ ფრეიზერმა, თუმცა საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო ქართულ-ავსტრიული მოქალაქეობის მქონე გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ.

5 მოგებითა და 8 მარცხით “ილინოის ფაითინ ილინი” 14-გუნდიან Big Ten-ის კონფერენციაში მე-8 ადგილს ანალოგიური შეეგის მქონე “მინესოტასთან” ინაწილებს, კონფერენციას კი 11-11 მოგებით “მიჩიგანი” და “მიჩიგან სტეიტი” ლიდერობენ. ბეჟანიშვილის გუნდი შემდეგ მატჩს 19 თებერვალს, სტუმრად “ვისკონსინთან” გამართავს.

0.128215