ამსტერდამის „აიაქსის“ მცველის, მატია დე ლიხტის შეძენა ტურინის „იუვენტუსს“ უნდა. ეს ინფორმაცია ჰოლანდიური გუნდის გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი მცველის თამაშის სანახავად ამსტერდამში, „რეალთან“ მატჩს ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი დაესწრო.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელსაც დე ლიხტის გადაბირება სურს, „იუვენტუსია“. თუმცა, არ ვიცი წავა თუ არა „იუვეში“, - განუცხადა ვან დერ სარმა Rai Sport-ს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის მცველი ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. „იუვენტუსის“ გარდა ჰოლანდიელს კატალონიის „ბარსელონაც“ იწვევს.
აქვე გეტყვით, რომ „რეალთან“ მატჩში დე ლიხტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიდა.