საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სორგანიზაციო კომიტეტს ოლიმპიურ პროგრამაში ამ სახეობის შეტანის წერილობითი განცხადით მიმართა.
ფედერაციის პრეზიდენტის ბაშარ კუატლის განცხადებით, ფრანგების ინიციატივას მხარს უჭერს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (FIDE).
„ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს მივმართეთ, რომ ჭადრაკი გახდეს 2024 წლის თამაშების ნაწილი. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს განაცხადი FIDE-ს მხარდაჭერით არის შემუშავებული," - განაცხადა ბაშარ კუატლიმ.
საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ FIDE სწორედ ამ ქვეყნის ინიციატივით 1924 წელს შეიქმნა პარიზში. კუატლის თქმით, თუ მათ განაცხადს მხარს დაუჭერენ, მაშინ საჭადრაკო შეჯიბრება გაიმართება სორბონის დარბაზში, იქ, სადაც თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა ოლიმპიური თამაშების დაწყებაზე განაცხადა.
საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციის განაცხადს პარიზი-2024-ის კომიტეტში განიხილავენ. შემდეგ ის შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) გადაეგზავნოს და მხოლოდ ამის შემდეგ იგი დასამტკიცებლად გადაეცემა IOC-ის აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მიიღებს.
FIDE-ს პრეზიდენტის არკადი დვორკოვიჩის განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ინტელექტუალური თამაშები ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილი გახდეს. უფრო დიდი შანსია, რომ ჭადრაკი საჩვენებელ სახეობად იყოს წარმოდგენილი.
www.geonoc.org.ge