საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, დასკვნითი ჯგუფური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნებს L ჯგუფში 10-დან 9 მატჩი აქვთ მოგებული და გერმანიათან ერთად, მსოფლიო თასის საგზური ჯიბეში უდევთ, გადასაწყვეტი კი ისაა, რომ პირველ ადგილზე ვინ გავა.
ტანასის სკურტოპულოსის შეგირდებს საქართველოსთან მატჩი 21 თებერვალს ჰერაკლიონში ელით, 24-ში კი, ბამბერგში, გერმანიას გაეჯიბრებიან.
მომავალი მატჩებისთვის, შემადგენლობაში ისევ უხმეს 35 წლის ვეტერან იოანის ბურუსისს, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში საშუალოდ 16.0 ქულას, 6.7 მოხსნასა და 4.0 პასს აგროვებს. რაზმშია ამომავალი ვარსკვლავი იანულის ლარენცაკისიც. ათენის აეკ-ის კალათბურთელის საშუალო მაჩვენებელი 9.8 ქულაა და ის სამქულიანი დისტანციიდან 46.2%-ანი მაჩვენებლით (12 26-დან) უტევს.
საბერძნეთის ნაკრების 14-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი, დიმიტრიოს მავროეიდისი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებთა თბილისურ მატჩს ჩვენთვის ძალიან გულდასაწყვეტი დასასრული ჰქონდა. ზედ ბოლო წამზე მიღებული ორქულიანის გამოისობით, ქართველმა კალათბურთელებმა ის მატჩი 85:86 წააგეს.