ფეხბურთი

3:30 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლოს შოუ რომში (+VIDEO)

დიდი ხანია იტალიაში ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი არ გამოჩენილა. უფრო სწორად შესაძლოა მასზე ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ასეთი დამაჯერებელი არავინ ყოფილა და ამდენად ავანსები არავის გაუმართლებია.

ნიკოლო ძანიოლო მხოლოდ 19 წლისაა და რომში ახალი ტოტი შეარქვეს. მანამდე, ახალ კაკასაც ეძახდნენ - მოკლედ, ბიჭი ბევრი მეტსახელით დღეს „რომას" გულშემატკივართა და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის მთავარი იმედია. ძანიოლოს დიდი მომავალი რომ აქვს, აქამდეც დადასტურდა, როდესაც იტალიის სერია A-ში თავი წარმატებული თამაშით მოკლე დროში გამოიჩინა. მაგრამ ახლა უკვე სხვა ეტაპზე დგამს ნაბიჯებს.

„რომამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „პორტუ“ 2:1 დაამარცხა. გულწრფელად რომ ვთქვათ, „ჯალოროსიმ“ პორტუგალიური გრანდი დაჯაბნა და რომ გამართლებოდა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდა. ეს გამარჯვება კი, 19 ნიკოლო ძანიოლომ გამოჭედა.

„რომამ“ უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო, თუმცა, პირველი ტაიმი მაინც მოსაწყენი გამოდგა, ორივე გუნდი ფრთხილობდა. ერთადერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, როდესაც ედინ ჯეკოს არ გაუმართლა და ბურთი ძელს მოარტყა. სამაგიეროდ, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა და ვეტერან იკერ კასილიასს მაღალი კლასის დამტკიცება არაერთხელ მოუწია. ესპანელმა ლეგენდამ ბრაინ კრისტანტესა და ლორენცო პელეგრინის აუღო. თუმცა, ვერაფერი გააწყო ძანიოლოს წინააღმდეგ.

ჯეკოს კარგი გადაცემის შემდეგ ძანიოლომ კასილიასს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა და ანგარიში გახსნა. ზუსტად 6 წუთში კი, მეორე გოლიც გავიდა. ჯეკომ შორიდან გაისროლა და ბურთი ისევ ძელს მოხვდა, მაგრამ ამჯერზე იტალიელებს უფრო გაუმართლათ და ბურთი ძანიოლოს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაამატა დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, ნიკოლო ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლის შესრულება მოახერხა (საუბარია 1991 წლიდან არსებული ფორმატის ტურნირზე). ამრიგად, „რომას“ შემტევმა ლამის 20 წლით უფროსი კასილიასი ორგზის დაამწუხრა.

ამასობაში, „რომა“ თამაშს სრულად აკონტროლებდა და საფინალო სასტვენამდეც ბევრი არ რჩებოდა. შესაბამისად, „მგლებისთვის“ ცუდს არაფერი მოასწავებდა და 2:0 ძალზე კომფორტული უპირატესობაც იქნებოდა. თუმცა, 79-ე წუთზე, „პორტუს“ გაუმართლა. ტიკინიო სოარეში უფერულ შეტევას კარში დარტყმით ასრულებდა, თუმცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და საგოლე პასი გამოუვიდა. უცნაური ტრაექტორიით წასული ბურთი ადრიან ლოპესს მიუვიდა, რომელიც ანტონიო მირანტესთან პირისპირ აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია.

2:1 და შედეგად, ამ წყვილში ყველაფერი ღიაა. აქვე გეტყვით, რომ „რომამ“ „პორტუ“ ისტორიაში პირველად დაამარცხა (მეხუთე მატჩში) „დრაგაუზე“ კი, შანსი ორივე გუნდს ექნება.

„რომა“ – „პორტუ“ 2:1 (0:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 51 727

„რომა“ (4-3-3): მირანტე; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; პელეგრინი (ნზონზი 83), დე როსი, კრისტანტე; ძანიოლო (სანტონი 87), ჯეკო, ელ შაარავი (კლუივერტი 90)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მილიტაო, ფელიპე, პეპე, ალექს ტელეში; ერერა, დანილო, ფერნანდო (ანდრე პერეირა 76); ოტავიო (ერნანი 84), სოარეში, ბრაჰიმი (ადრიან ლოპესი 68)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

გოლები: 1:0 ძანიოლო (70), 2:0 ძანიოლო (76), 2:1 ადრიან ლოპესი (79)

გაფრთხილება: ელ შაარავი (88) - ერერა (74)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 4 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

0.365