ოცნება, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში „ოლდ ტრაფორდზე“ არსებობდა, დაიმსხვრა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სოლსკიაეროს თავკაცობით პირველი შეხვედრა წააგო და თითქოს ეს ტრაგედია არ უნდა იყოს, მაგრამ „წითელი ეშმაკებისთვის“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება თითქმის დასრულებულია.
„იუნაიტედი“ პსჟ-სთან მატჩის წინ ბევრმა ფავორიტად შერაცხა და ამას ჰქონდა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები - ფრანგებს ინგლისში თამაში ედინსონ კავანისა და ნეიმარის გარეშე მოუწიათ, რასაც „მანიუს“ ფანტასტიკური, 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც ემატებოდა (10 მოგება, 1 ფრე). თუმცა, „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულმა შეხვედრამ ინგლისური გუნდი სარკეში ჩაახედა.
ტომას ტუხელმა სოლსკიაერი ცალსახად დაჯაბნა. გერმანელმა ნორვეგიელ კოლეგას დუელი პირწმინდად მოუგო და შეიძლება ითქვას, რომ მთელი თამაში ზუსტად იმ სცენარით წარიმართა, რაც თამაშამდე დაგეგმა. ყოველშემთხვევაში ასე ჩანს. საფრანგეთის ჩემპიონმა „ოცნების თეატრში“ ისე მოიგო, რომ კითხვის ნიშანიც კი არ დატოვა.
თამაშზე რა უნდა ვთქვათ, საგოლე მომენტები თითქმის არ შექმნილა და უფრო მეტი უხეშობა იყო. „მანჩესტერმა“ კარში ერთადერთხელ დაარტყა, ისიც დასაწყისში და ხიფათი არ მოუტანია. სხვათა შორის, „წითელმა ეშმაკებმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში კარში ერთადერთხელ ბოლოს 2005 წელს, „მილანთან“ წაგებულ მატჩში დაარტყეს. ამის ფონზე რა გასაკვირია, რომ პარიზელებმა ადვილად მოიგეს.
და მაინც, პირველ ნახევარში პსჟ-საც არ მოუწყვეტია ვარსკვლავები და 45 წუთი ისე მიილია, რომ კარში საერთოდ არ დაურტყამს. ბოლოს ფრანგულ გუნდს ასეთი რამ 2015 წლის აპრილში, „ბარსელონასთან“ მატჩში დაემართა. თუმცა, მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. ანხელ დი მარია კი მატჩის გმირი გამოდგა. არგენტინელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მას ფანები თბილად არ დახვედრიან და თავადაც არ დაუკლია არაფერი - პირველი გოლი დროს კარგა გვარიანად გამოლანძღა კიდეც ადგილობრივი პუბლიკა.
პირველი გოლი კი, 53-ე წუთზე მის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა და თავი პრსინელ კიმპემბემ გამოიჩინა. ფრანგმა პსჟ-ს მაისურით 97-ე თამაში ჩაატარა და სადებიუტო გოლი გაიტანა. მალევე, დი მარიამ ფლანგზე გაიქცა და კილიან მბაპემ აუღელვებლად გაიტანა. სხვათა შორის, ფრანგ შემტევს ჩემპიონთა ლიგაზე 14 გოლი აქვს გატანილი და აქედან 10 საგარეო მატჩებში.
სოლსკიაერმა და მისმა შეგირდებმა თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანეს. მეტიც, რომ არა დავიდ დე ხეა, სტუმრები უფრო ახლოს იყვნენ მესამე გოლთან. ბოლოს, პოლ პოგბაც გააძევეს და მოკლედ, ყველაფერი დასრულდა. სხვათა შორის, ფრანგი „იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩში გააძევეს. ბოლოს, წითელი ბარათი 2013 წელს „რეალის“ წინააღმდეგ ნანის ჰქონდა მიღებული. შედეგად, 2:0 პსჟ-ს სასარგებლოდ და საპასუხო მატჩის წინ უდიდესი უპირატესობა შეიქმნა.
მართალია, საქმე „მანჩესტერს“ ეხება, მაგრამ ისტორია ამაზე მოწმობს, თავად განსაჯეთ: ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 34 შემთხვევა იყო, როდესაც მასპინძელმა გუნდმა შინ პირველი თამაში ორი ან მეტი ბურთის სხვაობით წააგო და ვერცერთმა მათგანმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.
ამასობაში, სოლსკიაერი რეკორდებს ამყარებდა, მაგრამ ამჯერზე ანტირეკორდიც დაამყარა - „მანჩესტერმა“ ევროპულ ასპარეზზე „ოლდ ტრაფორდზე“ ერთზე მეტი ბურთით პირველად წააგო.
„მანჩესტერი“ – „პარი სენ ჟერმენი“ 0:2 (0:0) VIDEO
მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“
მაყურებელი: 74 054
„მანჩესტერი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, ბაი, ლინდელოფი, შოუ; ერერა, მატიჩი, პოგბა; ლინგარდი (სანჩესი 45), რაშფორდი (ლუკაკუ 84), მარსიალი (მატა 46)
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ბუფონი; კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი; დანი ალვეში, მარკინიოსი, ვერატი (პარედესი 75); დრაქსლერი, მბაპე, დი მარია (დაგბა 81)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 0:1 კიმპემბე (53), 0:2 მბაპე (60)
გაფრთხილება: პოგბა (26, 89), იანგი (30), ერერა (87), შოუ (90) - კიმპემბე (11), დრაქსლერი (19), ბერნატი (34), დანი ალვეში (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 9 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)