ნიკოლოზ ბასილაშვილმა როტერდამის საერთაშორისო ტურნირზე სტარტი წარმატებით აიღო და პირველ წრეში სამხრეთ კორეელი ჰეინოგ ჩუნგი დაამარცხა.
შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა, 2 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში, 2:1 იმარჯვა.
ნიკოლოზმა მატჩი კარგად დაიწყო და საქმე ისე მიდიოდა პირველი სეტი ადვილად უნდა მოეგო. 26 წლის ჩვენებური 4:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე კონცენტრაცია დაკარგა და ბევრი შეცდომა დაუშვა. ბასილაშვილმა პირველ სეტში მიჯრით 5(!) გეიმი წააგო და ბუნებრივია, რომ უპირატესობა, რომელიც ჰქონდა (4:1), სრულად გაანიავა. აზიელმა საწყისი სეტი 51 წუთში 6:4 მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელისთვის მეორე სეტიც ცუდად დაიწყო. ნიკამ პირველივე გეიმი თავის მოწოდებაზე დათმო. ისე გამოვიდა, რომ პირველი სეტიდან მოყოლებული ჩვენებურმა ზედიზედ 7 გეიმი წააგო. თუმცა, მერე ძალები მოიკრიბა და თამაშში გარდატეხა მაინც შეიტანა.
მეორე სეტში ბასილაშვილი ჩუნგს 5:3-ს უგებდა და სეტისთვის თავად აწვდიდა. ბუნებრივია, ახლოს იყოს ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ თავისი მოწოდება წააგო, მერე ბრეიკი ვერ შეასრულა და სიტუაცია დაიძაბა - 5:5. საბოლოოდ, ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკოლოზმა ძალიან ადვილად 7:1 იმარჯვა, ხოლო სეტი 7:6 დასრულდა ანგარიში გაათანაბრა - 1:1. აქვე გეტყვით, რომ მეორე სეტი მატჩის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი აღმოჩნდა და 59 წუთს გასტანა.
აი, გადამწყვეტი სეტი კი ქართველი ჩოგბურთელისთვის ამ თამაშში საუკეთესო მონაკვეთი გამოდგა. ძალიან ადვილად, 29 წუთში 6:2 აჯობა მეტოქეს და საბოლოო გამარჯვება მძიმედ, მაგრამ მაინც მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა 15 ეისი შეასრულა, ხოლო მისმა მეტოქმე მხოლოდ სამი. სამაგიეროდ, ნიკამ 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაშინ, როდესაც ჩუნგს მსგავსი რამ არ დამართნია.
ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო მეორე რაუნდში სლოვაკ მარტინ კლიჟანსა და უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჩუნგი - ბასილაშვილი 1:2 (6:4, 6:7, 2:6)