გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის შემდეგ საჩემპიონო რბოლა დაიძაბა. „დორტმუნდმა“ ძვირფასი ორი ქულა გაანიავა, ხოლო „ბაიერნმა“ ამით კარგად ისარგებლა და „შალკეს“ დამარცხებით კონკურენტს 5 ქულამდე მიუახლოვდა.
დღის ბოლო შეხვედრაში „ბაიერნი“ გელზენკირხენის „შალკეს“ დაუხვდა და ისე მარტვიად ვერ მოუგო, როგორც სჩვევია ხოლმე, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემა მაინც არ შექმნია. ბრუმას ავტოგოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ და სერჟ გნაბრიმ წაამატეს და „რეკორდმაისტერმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალა. მითუფრო, რომ ნიკო კოვაჩის გუნდმა უკვე იცოდა, რომ „დორტმუნდს“ ქულები დაეკარგა და ბუნებრივია, ეს გამარჯვება ორმაგად ფასობდა.
და რა ჰქნა „დორტმუნდმა“? - ლიდერ მარკო როისის გარეშე ლუსიენ ფავრის გუნდი შეტევაში მაინც კარგად მოქმედებდა, მაგრამ დაცვაში სერიოზული პრობლემებია. ამასობაში, ჩემპიონთა ლიგის მატჩები „ტოტენჰემთან“ კარსაა მომდგარი. შუა კვირაში „დორტმუნდი“ გერმანიის თასიდან გავარდა, მას შემდეგ, რაც „ვერდერთან“ შინ 3:3 ითამაშა და მერე პენალტების სერიაში წააგო.
ახლა კი, „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ხელწამოსაკრავი მეტოქე რომ არაა, ეს ყველამ იცის, მაგრამ შეხვედრა ისეთი სცენარით წარიმართა, რომ წესით „ყვითლებს“ ადვილად უნდა მოეპოვებინათ მორიგი სამი ქულა. სანჩოს, გიოტცესა და გერეიროს გოლებით „ბორუსია“ 75-ე წუთამდე 3:0 იგება. თუმცა, ზუსტად 12 წუთში ეს უპირატესობა აღარ არსებობდა. „სოფლელებმა“ 75-დან 87-ე წუთამდე სამჯერ დაამწუხრეს მასპინძლები. ასე და ამრიგად, „დორტმუნდმა“ ბოლო ორ თამაშში (თანაც შინ) 6 გოლი გაუშვა და ეს დაცვაში სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს. დაკარგული ორი ქულა კი, ვინ იცის, სად წამოეწიოს... „ბაიერნი“ ახლა მხოლოდ 5 ქულითაა დისტანცირებული და „რეკორდმაისტერისთვის“ ამის აღმოფხვრა დიდ სირთულესთან არასდროს ასოცირდებოდა. ვნახოთ, ფაქტია, ბუნდელსიგის საჩმეპიონო რბოლა ახლა უფრო საინტერესო გახდა.
ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება - „გლადბახის“ ძლევამოსილი სვლა ბერლინის „ჰერტამ“ შეაჩერა. დედაქალაქელებმა „ბორუსიას“ მისსავე მოედანზე საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თრილერი იყო „ფრაიბურგისა“ და „ვოლფსბურგის“ შეხვედრაში, სადაც სტუმრები სამჯერ იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა სამჯერვე გაათანაბრეს და ქულა გადაარჩინეს.
აუტსაიდერთა ჯახში „ჰანოვერმა“ „ნიურნბერგი“ დაამარცხა და ბოლო ადგილი გაუცვალა. „ლაიფციგისა“ და „აინტრახტის“ შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა.
„დორტმუნდი“ – „ჰოფენჰაიმი“ 3:3 (2:0)
გოლები: 1:0 სანჩო (32), 2:0 გიოტცე (43), 3:0 გერეირო (66), 3:1 ბელფოდილი (75), 3:2 კადერაბეკი (83), 3:3 ბელფოდილი (87)
„გლადბახი“ – „ჰერტა“ (0:3)
გოლები: 0:1 კალუ (30), 0:2 დუდა (56), 0:3 სელკე (76)
„ჰანოვერი“ – „ნიურნბერგი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მიულერი (45), 2:0 მიულერი (77)
„ლაიფციგი“ – „აინტრახტი“ 0:0 (0:0)
„ფრაიბურგი“ – „ვოლფსბურგი“ 3:3 (1:1)
გოლები: 0:1 რუსილონი (11), 1:1 გრიფო (37), 1:2 ვერგოსტი (63, პენ), 2:2 პეტერსენი (70), 2:3 სტეფენი (74), 3:3 ვალდშმიდტი (87)
„ბაიერნი“ – „შალკე“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 ბრუმა (11, ა.გ), 1:1 კუტუჩუ (25), 2:1 ლევანდოვსკი (27), 3:1 გნაბრი (57)