საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა B ჯგუფში ერთნაირი ანგარიშით (1:2) უკვე წააგეს სერბეთთანა და ხორვატიასთან, დღეს კი, თურქეთთან უკვე 2 დაპირისპირება დათმეს და წყვილთა შეხვედრას აზრი დაეკარგა.
დღის სასტარტო მატჩში მარიამ ბოლქვაძე (312-ე რეიტინგში) კაგლა ბუიუკაკჩაისთან (258-ე) 4:6, 1:6 დამარცხდა, რის კვალადაც საქართველოს პირველმა ჩოგანმა ეკატერინე გორგოძემ (151-ე) თურქეთის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი პემრა ოზგენთან (238-ე) 6:7 (6:8), 3:6 წააგო.
თუკი არაფერი შეიცვალა, დღის დასკვნითი მატჩი ტრადიციულად წყვილთა შორის შედგება: გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა ძალებს ოზგენთანა და იპეკ სოილუსთან მოსინჯავენ.
ამგვარად, უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებმა ბ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და I ჯგუფში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. ქართველთა მეტოქე საბერძნეთსა და სლოვენიას შორის უარესი იქნება.