6-13 აპრილს ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელზეც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.
მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად ბათუმს ევროპის ფედერაციის სპეციალური კომისია ეწვია.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა და ევროპის ფედერაციის ტელევიზიის დირექტორმა დევიდ გოლდსტრომმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკვე მოინახულეს რამდენიმე სასტუმრო, დღეიდან კი უკვე საშეჯიბრო დარბაზს შეამოწმებენ.
მოგვიანებით ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შემდგარი საორგანიზაციო ჯგუფი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ამის შემდეგ სტუმრები რიგ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ და დადებითი დასკვნის შემთხვევაში ბათუმი 2019 - ის ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ.
2019 წლის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტელეტრანსლაცია “ევროსპორტზე” გადაიცემა და კონტინენტის პირველობას 60 მილიონიანი აუდიტორია ეყოლება, ასევე რეპორტაჟი იქნება “მატჩ TV”-ზე. საერთო ჯამში, პირდაპირი ეთერი 20 ენაზე 55 ქვეყანაში გაშუქდება. ევროპის ჩემპიონატს ქართული მედიაც აქტიურად გააშუქებს.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური