ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა და „გორიცამ“ 2019 წელი კარგად დაიწყო. მოგეხსენებათ, ქართველი მცველი გიორგი მჭედლიშვილი თამაშობს ამ გუნდის რიგებში.
„გორიცამ“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „რიეკას“ მისსავე მოედანზე (3:1) მოუგო და ამაში ჩვენებურმაც შეიტანა თავისი წვლილი.
მჭედლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სწორედ მისი ფლანგური გადაცემით გაიტანა დვორნეკოვიჩმა. საბოლოოდ, სტუმრებმა გაიმარჯვეს და მდგომარეობა გაიუმჯობესეს.
27 წლის ჩვენებურმა აღნიშნულ მატჩში 22-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. აქვე გეტყვით, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში 13 თამაში აქვს ჩატარებული.
„გორიცა“ კი 19 ტურის თავზე 30 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.