ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ დანიელ ბრანდსს ეთამაშება.
31 წლის გერმანელმა ჩოგბურთელმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 180-ე ადგილი უკავია, ძირითად ბადეში მოსახვედრად პოლონელ კამილ მაირჩაკსა და უკრაინელ სერგეი სტახოვსკის, შესაბამისად, 6:4, 7:5 და 6:4, 7:6 (11:9) სძლია.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის აგვისტოში ბრანდსი მსოფლიოს 51-ე ჩოგანი გახლდათ, თუმცა, მას შემდეგ, კლასიფიკაციაში საგრძნობი უკუსვლა განიცადა, ამდენად, ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგში 22-ე ადგილზეა, უდავო ფავორიტად მოიაზრება. ქართველ და გერმანელ ჩოგბურთელებს ერთხელ, 2014 წელს, ორტისეის (იტალია) ტურნირზე უთამაშიათ და მაშინ ნიკამ 6:3, 6:3 მოიგო.
ბასილაშვილისა და ბრანდსის მატჩი ხვალ, 5 თებერვალს შედგება, მასში გამარჯვებული კი, მერვედფინალში მირზა ბაშიჩსა (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და მარტინ კლიჟანს (სლოვაკეთი) შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
სოფიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და ავსტრალიელი მეტიუ ებდენი “უაილდ ქარდის” მქონე ბულგარელებს – ალექსანდერ დონსკისა და ალექსანდარ ლაზაროვს ეთამაშებიან.