მოსკოვის „სპარტაკის“ 25 წლის მცველმა, გიორგი ჯიქიამ, ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ არჩია რუსეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს.
„რა თქმა უნდა, ნაკრების არჩევის პრობლემის წინაშე ვიდექი. იმ დროს პერმის „ამკარის“ ფეხბურთელი გახლდით, როცა სტანისლავ ჩერჩესოვმა პირველად მიმიწვია რუსეთის ნაკრებში, ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად.
ცხადია, შემდეგ იყო მოლაპარაკებები და სატელეფონო ზარები საქართველოდან, მაგრამ არჩევანი გავაკეთე და წამითაც არ ვნანობ. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, წარმატებებს მივაღწიე და სასიამოვნოა, რომ ყველაფერი დამიფასეს.“ - უთხრა ჯიქიამ Youtube-არხ Commandos-ს.
ცნობისათვის, გიორგი ჯიქიას ოჯახი წარმოშობით სოხუმიდანაა. თუმცა საომარი მოქმედებების დროს, რუსეთში გადაბარგდნენ და გიორგი მოსკოვში დაიბადა.