ჭიდაობა

15:00 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარსაგიშვილი ინდოეთის პრო-ლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

დღეს, ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში დასრულდება ინდოეთის საკლუბო ლიგის (Pro Wrestling League) მეოთხე სეზონი, სადაც ევროპის 2-გზის ჩემპიონისა და ოლიმპიური პრიზიორის დავით მარსაგიშვილის “პანჯაბ როიალსი” ფინალში “არიანა ჰამერსს” შეხვდება.

მარსაგიშვილმა, რომელიც 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში (დაშვება +3კგ) ასპარეზობს, ფინალამდე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში გამარჯვება მოიპოვა. დავითმა ინდოელი მეტოქეები – პუნია (10:2), პრავეენი (12:0) და დიპაკი (10:0) აშკარა უპირატესობით დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზევე “არიანა ჰამერსის” წევრ, ბელარუსთა დაღესტნელ ფალავან ალი შაბანოვს 7:4 მოუგო.
პანჯაბელებმა ნახევარფინალში ირაკლი მწითურისა და გიორგი საკანდელიძის “დანგალი” 5:4 დაამარცხეს, მარსაგიშვილმა კი პირად შეხვედრაში მწითურს დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ჩემპიონატის 92 კგ-ის ფინალში მწითურმა მარსაგიშვილის დამარცხება ბოლო წამებზე შეძლო.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა საკლუბო ჩემპიონატმა სტარტი 14 იანვარს აიღო და როგორც აღვნიშნეთ, დღეს დასრულდება, “პანჯაპ როიალსი” კი ჩემპიონობის მოპოვებას ზედეზედ მეორედ შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ შარშან სწორედ “პანჯაბის” შემადგენლობაში ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი გახდნენ გამარჯვებულები, უფრო ადრე კი ამ კლუბის ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იცავდა.
ინდოეთის პრო-ლიგამ თავიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი ვარსკვლავური შემადგენლობით. ორგანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღება მაღალი ჰონორარებით მიიპყრეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანის და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.166792