ფეხბურთი

2:42 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის საგოლე პასი, გაცუდებული პენალტი და საგზური თასის ფინალში! (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ ბელგიის თასის ფინალშია! ერთი კვირის წინ, იეს თორუპის გუნდი შინ „ოსტენდეს“ დაუზავდა (2:2) და ახლა სტუმრად მოუწია რთული ვითარებიდან გამოსვლა.

„გენტისთვის“ ეს მატჩიც მძიმედ დაიწყო და მასპინძლები 31-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ და შედეგად, ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს. ეს ანგარიში 84-ე წუთამდე შენარჩუნდა.

ბოლოს კი, „გენტმა“ სასწაული მოახდინა და თამაში შემოატრიალა. გიორგი ჩაკვეტაძე არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე 38-ე წუთზე გამოჩნდა და დიდი წვლილი შეიტანა მისი გუნდის ფინალში გასვლაში. 84-ე წუთზე სორლოთმა სწორედ 19 წლის ქართველის გადაცემით შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის პირველ კომპნესირებულ დროში რომან ბეზუსმა საერთოდ გაათანაბრა. სხვათა შორის, ბეზუსის გოლი იმ კუთხურს მოჰყვა, რომელიც გიორგის სახიფათო დარტყმას და "სოტენდეს" კიპერის ჩინებულ სეივს შემდეგ დაინიშნა. შედეგად, ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა დაფიქსირდა და დამატებით დრო დაიწყო. აქვე ვთქვათ, რომ ჩაკვეტაძის საგოლე შანსებიც ჰქონდა. ხსენებული ეპიზოდის გარდა, მეკარემ ერთხელ აჯობა, ხოლო ერთხელაც ხელსაყრელი პოზიციიდან კარის ბადეს გარედან მოარტყა ბურთი.

30 წუთში არაფერი შეცვლილა. ფინალისტის ვინაობა პენალტების სერიამ გადაწყვიტა და ისიც დრამატული გამოდგა. ჩაკვეტაძე ბურთთამ მეორე მივიდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ გაიტანა, საკმაოდ ცუდად დაარტყა, პირდაპირ შუაში და მეკარეს ნახტომიც არ დასჭირვებია მოსაგერიებლად, ფეხით უკუაგდო ბურთი. და მაინც, „გენტს“ იღბალმა გაუღიმა, რადგან „ოსტენდეს“ ფეხბურთელები გაცილებით სცოდავდნენ პენალტების სერიაში.

საბოლოოდ, „გენტმა“ თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 გაიმარჯვა (გუნდებმა 6-6 დარტყმა შეასრულეს) და ფინალში გავიდა, სადაც „მეხელენს“ 1-ელ მაისს, დაუპირისპირდება და ქართველებს, გიორგი ქვილითაიასა და ჩაკვეტაძეს ტიტულის მოპოვების შანსი ექნებათ.

0.137246