ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევ ნახევარმცველს ნიკა ძალამიძეს მიაჩნია, რომ პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას მე-10 ტურში “პოდბესკიძიესთან” მოგებულ (4:2) მატჩში გოლის გატანის შემდეგ, მისი საქმეები უკეთესად წავა.
“იმედია, გატანილი ბურთი დამეხმარება და თავდაჯერებას შემმატებს. ვიცი, რომ არცთუ ეფექტური გოლი იყო და ფაქტობრივად “საჩუქარი” მივიღე, მაგრამ გოლი მაინც გოლია. ჩემი მიზანია, რომ სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშო. ტრავმის მორჩენის მერე პირველი ბურთი გავიტანე და იმედია, ახლა ყველაფერი უკეთ იქნება” - თქვა მან “იაგიელონიას” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
“იაგიელონიადან” დანი კინტანას წასვლის მერე, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, დღის წესრიგში დადგა საკითხი თუ რამდენად მოახერხებს 22 წლის ქართველი მის სრულფასოვნად შეცვლას.
“უნდა დავამტკიცო, რომ ადრინდელზე უკეთესად თამაში შემიძლია. დანი ისეთი მოთამაშე იყო, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, არამედ, მთელ ექსტრაკლასაში გამოირჩეოდა. მასთან ერთად თამაში კარგი იყო. სხვა სტილი მაქვს და შევეცდები ის გავაკეთო, რაც ყველაზე უკეთესად გამომდის. ვმუშაობ, რომ ის სათამაშო ფორმა დავიბრუნო, რომელიც ტრავმის მიღებამდე მქონდა” – აღნიშნა ძალამიძემ.
ფეხბურთელის განცხადებით მომავალ ტურში კრაკოვის “ვისლასთან” სტუმრად გასამართ შეხვედრაში “იაგიელონია” 3 ქულის აღებას გეგმავს:
“ვისლას” სტადიონზე თამაში ძალიან ძნელია. კრაკოვში სამი ქულის აღებას ვგეგმავთ. რამდენიმე მატჩია არ წაგვიგია. კრაკოვში გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ვიბრძოლებთ”.
ძალამიძე “პოდბესკიძიესთან” მატჩში მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა და გოლი 87-ე წუთზე გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან 9 შეხვედრა ითამაშა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.