აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მოთამაშე "სეთონ ჰოლს", რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მძიმე დროება უდგას. გუნდმა ბოლო ექვს შეხვედრაში მე-5 მარცხი განიცადა და ბიგ ისთის კონფერენციაში მხოლოდ 3 გამარჯვებით მეექვსე-მეათე ადგილებს ინაწილებს.
"სეთონ ჰოლის" დღევანდელი მარცხი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. ქართველი ფორვარდი და მისი თანაგუნდელები ლიდერ "ვილანოვას" სტუმრობდნენ და წარმატების შანსი არ ჰქონიათ - 52:80.
სანდრო ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
მამუკელაშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
"სეთონ ჰოლს" მომდევნო მატჩი 31 იანვარს "პროვიდენსთან" ელის.