ბლოგი

10:45 | 27.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“სექტანტობა“ და კარჩაკეტილობა ევროპულ რაგბიში

არაფერია იმაზე უხერხული და შემდგომში მძიმედ გასახსენებელი, როდესაც რაღაც გარემოებების გამო სრულიად უცხო ოჯახში მოხვდები, მალევე აღმოაჩენ, რომ იმ წრეში შენი ახლობელი, თანამოაზრე და გამგები არავინაა და ერთი სული გაქვს რაიმენაირად აირიდო თავიდან ის უხერხულობა, რაც ასეთ სიტუაციას აუცილებლად ახლდება თან. როგორც ბოლოდროინდელი ამბებიდან ჩანს, საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრები დაახლოებით ასეთ უცნაურ და “უხერხულ“ სიტუაციაშია.

ვისაც ქართული რაგბის შესახებ ამბების გაგება და მატჩების ცქერა არ ეზარება, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი 18-წლამდელთა ნაკრები ბოლო წლებია მართლაც რომ შესანიშნავად გამოდის და აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენი ბიჭების მიერ ირლანდიის, იტალიისა თუ საფრანგეთის ძლიერ გუნდების ძლევის ამბებს. ევროპის პირველობა ქართველი ახალგაზრდებისთვის იყო ერთ-ერთი იშვიათი ასპარეზი, სადაც ევროპის დიდი ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენლებს ვხვდებოდით. ევროპირველობა ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთვის მართლაც რომ დიდი და საჭირო გამოცდილება იყო.

ჩვენ ასეთ გამოცდილებას და ევროპის ექვსი ერის გუნდებთან თამაშს მუდმივად ვეშურებით და შანსს არ ვუშვებთ ხელიდან იქაურ გუნდებს ნებისმიერ ფორმატში რომ გავეჯიბროთ. მათგან კი სამწუხაროდ მუდამ ზერელე დამოკიდებულებას და “ზემოდან ყურებას“ ვიღებთ. ეს გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობას გვილახავს, ნამდვილად კარგზე არაფერზე მეტყველებს ყბადაღებული ე.წ. “რაგბის მსოფლიო ოჯახის“ მიმართ, რომელიც როგორც ჩანს რეალურად “სექტა“ და “თვითკმარი ლოჟა“ უფროა, ვიდრე საერთაშორისო ღირსეული კრებული თუ ორგანიზაცია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის 18-წლამდელ ნაკრებთა ჩემპიონატზე ევროპის დიდი ექვსი ერის არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას და თამაში ჩვენს გუნდზე კლასით ბევრად ჩამორჩენილ ნაკრებებთან მოგვიწევს. ეს ცხადია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს კლასის ამაღლების კუთხით არაფერს მისცემს და შესაძლოა ამან ფსიქოლოგიური პრობლემებიც წარმოშვას. რთული გასაგები არ უნდა იყოს, რომ სულ სხვა მოტივაციითა და სურვილით ირჯები, როდესაც მაგალითად საფრანგეთს ხვდები და სულ დაკარგავ მოტივაციას როცა იცი, რომ მეტოქედ მავანი ბედოვლათი გყავს.

საქართველოში რაგბის სპეციალისტებსა თუ ჟურნალისტებს არაერთხელ გამოუთქვამთ საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო თუ ევროპის დიდი სარაგბო ქვეყნები მუდამ ცდილობდნენ ჩვენს დაბლოკვას და მაინცდამაინც არ მოსწონდათ ქართველების მათ მარაქაში გარევა. თუმცა, ევროპის 18 წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატის მსგავსად მაინც არსებობდა თითოოროლა “კუნძულები“, სადაც ახალგაზრდების მონაწილებით იმედი გვეძლეოდა, რომ ახლა თუ არა მომავალში მაინც შემოგვხედავდნენ სერიოზულად და საბოლოოდ გვაღიარებდნენ მათი ე.წ. “ოჯახის“ წევრად. დღეს რეალობა სრულიად საპირისპიროს გვაჩვენებს და ევროპასთან “ხიდჩატეხილობის პრობლემა“ კიდევ უფრო აშკარა ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სამართლიანად ვაკრიტიკებთ მსოფლიო და ევროპის ფეხბურის მმართველ ორგანოებს - ფიფას და უეფას, უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთხსენებულმა ორგანიზაციებმა განსხვავებით მსოფლიო რაგბის ბოსებისგან, საბოლოოდ დაძლიეს გაუცხოების სენი და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოსთანა პატარა ქვეყნებსაც მაქსიმალურად მიეცეს დიდ ტურნირებში მონაწილეობის შანსი. თუნდაც “ერთა ლიგის“ ფორმატის შექმნა რად ღირს ამის დასტურად. რაგბიში კი “სექტანტობა“ და კარჩაკეტილობა კვლავ გრძელდება და ეს პირველყოვლისა რაგბის მსოფლიოში განვითარებას აფერხებს.

0.114956