ფეხბურთი

23:47 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" "ვერცხლის სინისკენ" თამამი ნაბიჯებით მიემართება

„ვერცხლის სინისკენ“ ჩინებულად მიიწევს დორტმუნდის „ბორუსია“, რომელსაც პირველ წრეში აღებული ტემპი არც მეორე წრის დასაწყისში დაუგდია და პირველ ადგილზე დამაჯერებლად იმყოფება.

ლუსიენ ფავრის გუნდის მორიგი მსხვერპლი „ჰანოვერი“ გახდა და ამის პროგნოზირება მატჩამდეც ადვილი გახლდათ. სტუმრებმა „ყვითლებს“ ოდენ პირველ ნახევარში გაუწიეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა და მეორე ნახევარში სრულად სტატისტის როლში იმყოფებოდა. შედეგად 5:1 და, „დორტმუნდმა“ „ბაიერნთან“ 9-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა. ყოველშემთხვევაში ხვალამდე, სანამ „ბაიერნი“ მე-19 ტურის მატჩს ჩაატარებს.

ეგ კი არა, „ბაიერნს“ „გლადბახი“ წამოეწია და ბურთების ბალანსის გამო მეორე ადგილზე გადავიდა. დიტერ ჰეკინგის გუნდის მეტოქე „აუგსბურგი“ იყო, რომელიც მასპინძლებმა ბოლოსკენ გატეხეს და საბოლოოდ, მაინც დამაჯერებელი ანგარიშით აჯობეს.

„ჰოფენჰაიმმა“ „ფრაიბურგს“ მისსავე მოედანზე უპრობლემოდ აჯობა. იულიან ნაგელსმანის გუნდი ამასობაში ოთხეულს მიაუხლოვდა და ალბათ, უარს არ იტყვის, შარშანდელი შედეგის გამეორებაზე და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე. „მაინცი“ გასავარდნ ზონას ისედაც მოშორებული იყო და შინ აუტსაიდერ „ნიურნბერგთან“ გამარჯვების შემდეგ საერთოდაც ათეულში შევიდა.

„ლევერკუზენმა“ „ვოლფსბურგი“ გაანადგურა მისსავე მოედანზე, ხოლო „ვერდერი“ ორჯერ უგებდა შინ „აინტრახტს“, მაგრამ ორჯერვე გაუშვა უპირატესობა ხელიდან და საბოლოოდ ქულით მოუწია დაკმაყოფილება. ფრანკფურტელებისთვის კი ამ ფრესაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან და ვინ იცის, ეს ქულა სეზონის ბოლოს როგორ დაუფასდებათ...

მე-19 ტური კვირას ორი მატჩით დასრულდება: „დიუსელდორფი“ „ლაიფციგს“, ხოლო „ბაიერნი“ „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.

„მაინცი“ – „ნიურნბერგი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბროსინსკი (12, პენ), 1:1 მარგრეიტერი (43), 2:1 ქუაისონი (73)

„დორტმუნდი“ – „ჰანოვერი“ 5:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჰაკიმი (24), 2:0 როისი (60), 3:0 გიოტცე (62), 4:0 გერეირო (67), 4:1 ბაკალორში (86), 5:1 ვიტსელი (90)

„გლადბახი“ – „აუგსბურგი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ვენდტი (78), 2:0 ჰერმანი (90)

„ფრაიბურგი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:4 (1:1)

გოლები: 0:1 ჟოელინტონი (19), 1:1 ჰოლერი (42), 1:2 კრამარიჩი (59, პენ), 1:3 კრამარიჩი (72), 2:3 ნიდერლეხნერი (77), 2:4 დემირბაი (85)

„ვოლფსბურგი“ – „ლევერკუზენი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჰავერცი (45, პენ), 0:2 ვოლანდი (62), 0:3 ბრანდტი (88)

„ვერდერი“ – „აინტრახტი“ 2:2 (1:1)

გოლები: 1:0 ეგეშტეინი (27), 1:1 რებიჩი (35), 2:1 ჰარნიკი (52), 2:2 ჰალერი (68, პენ)

თეგებიბუნდესლიგა
0.294694