გენუის „სამპდორიას“ თავდამსხმელმა ფაბიო კვალიარელამ ლეგენდარული გაბრიელ ომარ ბატისტუტას რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება იტალიის სერია A-ს მატჩებში მიჯრით გატანილ გოლებს.
კვალიარელა უკვე ზედიზედ 11 ტურია მინდორს უგოლოდ არ ტოვებს და იტალიის ჩემპიონატში მსგავსი შედეგი ისტორიის განმავლობაში ოდენ ბატისტუტას ჰქონდა, რომელმაც 1994-1995 წლების სეზონში „ფიორენტინას“ მაისურით ასევე 11 მატჩში გამოიჩინა თავი. ახლა, კვალიარელას რეკორდის ერთპიროვნულად დაპატრონების ჩინებული შანსიც აქვს და ამისთვის დამდეგ ტურში „ნაპოლის“ კარის დალაშქვრა დასჭირდება.
35 წლის ფეხბურთელმა ბატისტუტას ისტორიული რეკორდის გამეორება „უდინეზესთან“ გატანილი პენალტით მოახერხა.
აქვე, კვალიარელამ მიჯრით შემდეგი გუნდების წინააღმდეგ გაიტანა: „მილანი“, „ტორინო“, „ჯენოა“, „ბოლონია“, „ლაციო“, „პარმა“, „ემპოლი“, „კიევო“, „იუვენტუსი“, „ფიორენტინა“ და „უდინეზე“.
ხსენებულ 11 შეხვედრაში 35 წლის შემტევმა 14-ჯერ გამოიჩინა თავი. მთლიანობაში 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.