კალათბურთი

10:29 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას დრო ისევ შეეზღუდა, დონჩიჩი კი დაფრინავს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მარცხი გაიცადა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტმა“, რომელიც ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდთან, „დალას მავერიქსთან“ ვერაფერს გახდა - 101:106.

მატჩი დაძაბული გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებულის ვინაობა ბოლომდე არ იყო გარკვეული თუმცა, მასპინძლები დასკვნით პერიოდს უფრო მობილიზებულნი შეხვდნენ და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს.

„დეტროიტს“ ანდრე დრემონდი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და შედეგად, ზაზას სათამაშო დრო ისევ შეეზღუდა. მაგალითად, წინა მატჩში (ორი დღის წინ) თუ ქართველმა 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ორი ქულა დააკლდა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ფაჩულიამ პარკეტზე მხოლოდ 9:55 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 5 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

აი, რაც შეეხება დრემონდს, მის აქტივში 38 წუთში შესრულებული ორმაგი დუბლია - 23 ქულა, 15 მოხსნა, 3 დაფარება. ბლეიქ გრიფინის მონაგარმა კი 35 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი შეადგინა. „დალასის“ რიგებში ბრწყინავს ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელმა 35 წუთში 32 ქულას, 8 მოხსნას, 8 პასს, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ლუკას დეანდრე ჯორდანი ორმაგი დუბლით შეეშველა - 13 ქულა, 11 მოხსნა.

„დეტროიტი“ კი აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 27 წაგებით მეცხრე ადგილზე იმყოფება. „პისტონსი“ მორიგ შეხვედრას 30 იანვარს, საკუთარ დარბაზში „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.

0.112178