კალათბურთი

23:59 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე ევროლიგაში შეუჩერებელია: "ბუდუჩნოსტის" ზედიზედ მესამე გამარჯვება და ქართველის MVP

ევროლიგაში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ესპანური „გრან კანარია“ 75:70 დაამარცხა. მონტენეგროელებმა თამაშის სადავეები თავიდანვე ხელთ იგდეს და მატჩის ბოლომდე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩნუნეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ესპანელებს ოდენ მეორე პერიოდში დაანებეს გამარჯვება და ამის ფონზე, რა გასაკვირია, რომ მოგება თითქმის უპრობლემოდ მოახერხეს.

საინტერესოა, რომ „ბუდუჩნოსტს“ 17 შეხვედრაში 3 გამარჯვება ჰქონდა, ახლა კი იგივე რაოდენობის მატჩები ბოლო სამ ტურში მოიგო.

ბითაძე ისევ გამორჩეული გახლდათ MVP-ი გახდა. 19 წლის ქართველმა ცენტრმა 28:36 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ბურთი მეტოქის ფარზე ორჯერ მოხსნა. ბურთი ერთხელ ჩაუჭრეს, ხოლო მის წინააღდეგ არავის დაუფარებია (საპასუხოდ 3 დაფარება მიითვალა). ქართველი ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესი 4-ჯერ დაირღვა. გოგას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა და შედეგად, მატჩის MVP-ის ტიტულიც ჩვენებურს ერგო.

ბითაძე ქულების რაოდენობით მხოლოდ თანაგუნდელ ნორის კოულს ჩამორჩა (20 ქულა), ხოლო დაფარებებში ბადალი არ ჰყოლია.

„ბუდუჩნოსტს“ 20 ტურის შემდეგ 6 მოგების წილ 14 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში „გრან კანარიასა“ და „ხიმკის“ გაუტოლდა. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზე იმყოფება. მონტენეგროელები ევროლიგაში მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, მოსკოვში, ცსკა-სთან ჩაატარებენ.

0.141915