კალათბურთი

19:55 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გრან კანარიას" მწვრთნელი: "ბითაძე ევროპული მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა კალათბურთელია"
ქართველი ტალანტის გუნდს დღეს ევროლიგაში მორიგი შერკინება ელის

დღეს საღამოს გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტს" ევროლიგის ეგიდით მორიგი მატჩი ელის. პოდგორიცელები შინაურ კედლებში ტურნირის დებიუტანტ - ესპანურ "გრან კანარიას" დაუხვდებიან და კარგი შანსი აქვთ ევროლიგაში მე-6 გამარჯვება იზეიმონ.

ამ დროისთვის, ადრიატიკის ლიგის მოქმედი ჩემპიონი კანარის კუნძულელებს 1 მოგებით ჩამორჩება, ამდენად, წარმატების შემთხვევაში, მათ გაუთანაბრდება. ესპანეთში გამართულ შეხვედრაში "ბუდუჩნოსტმა" 85:95 წააგო, ახლა კი, რევანშისთვის იბრძოლებს, მითუმეტეს, რომ გუნდის შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებულია.

მომავალი თამაშის წინ, "გრან კანარიას" მთავარმა მწვრთნელმა ვიქტორ გარსიამ ყურადღება სწორედ აღნიშნულზე გაამახვილა და უკვე ტრადიციულად, ახალგაზრდა ქართველი ცენტრის დამაჯერებელი თამაშიც იქნა გამოყოფილი.

"პირველ წრესთან შედარებით, მათ სულ სხვა გუნდი ჰყავთ. "ბუდუჩნოსტმა" გასულ კვირას "რეალი" დაამარცხა და ახალი დამრიგებლისა და კალათბურთელების ფონზე ძლიერად გამოიყურება. საკვანძო მოთამაშეებად კოული, ბითაძე და ბელი უნდა მივიჩნიოთ. ნორის კოული საშუალოდ ოც ქულამდე აგროვებს, ბითაძე კი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა კალათბურთელია. პოდგორიცას დარბაზში საოცარ ატმოსფეროს ველი. მათ შესანიშნავი ქომაგები ჰყავთ, რომელთა დახმარებითაც ცსკა და "რეალი" დაამარცხეს. ამჟამინდელი "ბუდუჩნოსტი" სერიოზული მოწინააღმდეგეა".

გოგასადმი განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობისკენ მოგვიწოდებს ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდიც, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველი ცენტრი მინიმუმ ორ ბლოკშოტს ყოველ მატჩში ანხორციელებს, ამასთან, ევროლიგაში ჩატარებულ გასულ ხუთივე შეხვედრაში სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა ჰქონდა.

"ბუდუჩნოსტისა" და "გრან კანარიას" დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "სილკ სპორტ 2" გეგმავს.

0.118399