სხვა

13:10 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ სეკიტორის წოდება შეინარჩუნა (+VIDEO)
იოკოძუნა ჰაკუჰომ ზედიზედ მესამედ წააგო და ლიდერობა დათმო

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა 2019 წლის პირველ სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირა, რისი წყალობითაც სეკიტორის წოდების შენარჩუნება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ჰაცუ ბაშოს რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-14 ნომრის წოდებით შეხვდა და წარუმატებელი ასპარეზობის შემთხვევაში, მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში დაბრუნება არ ასცდებოდა.

საბედნიეროდ, გაგამარუმ მიზნის მიღწევა მოახერხა და შეჯიბრის მე-13 დღეს მე-8 გამარჯვება იზეიმა. დღეს, ქართველი გოლიათის მეტოქე აღმოსავლეთის მე-7 ნომერი აძუმარიუ იყო, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი (4:7) ჰქონდა, თუმცა, ამჯერად მისი ოშიდაშით ძლევა შესძლო.

ხვალ, ქართველი სუმოისტის მეტოქე ჩიომარუ იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჩვენებური 3:5 მარცხდება.

ამასობაში, ძალიან გამწვავდა ბრძოლა "იმპერატორის თასისთვის". ჰაცუ ბაშოს ფინიშისკენ მოულოდნელ ლიდერად მონღოლი ვეტერანი ტამავაში მოგვევლინა. 34 წლის სეკივაკემ დღეს მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა და მე-11 გამარჯვება გაიფორმა.

შედეგად, ტამავაშიმ უკან ჩამოიტოვა მისივე თანამემამულე, ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით 10 გამარჯვების მერე, ზედიზედ 3-ჯერ წაიფორხილა. დღეს, დიდ ჩემპიონს სეკივაკე ტაკაკეიშომ აჯობა და "თეთრ ფენიქსს" გაუთანაბრდა.

0.128243