ჭიდაობის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების ახალი მწვრთნელები დანიშნა. სავარჯიშო პროცესი განახლდა, თუმცა მოჭიდავეთა ნაწილი ვარჯიშის დაწყებას არ აპირებს. ისინი ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ. საინფორმაციო გადაცემა “მოამბესთან” საუბარში მოჭიდავეებმა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა კომენტარი გააკეთეს.
“ლუკა კურტანიძე პრაქტიკულად ჩვენი პრეზიდენტი აღარაა. ნახევარი თვეა არ მოსულა, არ უსაუბრია ჩვენთან. მასთან ურთიერთობა აღარ გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მწვრთნელი, ჩვენი მოთხოვნა ლუკა კურტანიძის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩვენებია”, - საკუთარი პოზიცია გამოხატა ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელმა, მძიმეწონოსანმა დავით მოძმანაშვილმა.
“ნუგზარ სხირელი ჩემი მწვრთნელი იყო. მის პიროვნებაზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, თუმცა ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება არასწორი ნაბიჯია”, - განაცხადა ევროპის ორგზის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა.
“საქართველოს ნაკრებში შედის 32 მოჭიდავე. როგორც გავიგე, ისინი არა პირადად ჩემი, არამედ ლუკა კურტანიძის წინააღმდეგნი არიან. მათი თქმით, ლუკა კურტანიძის მიერ ვარ დანიშნული და პროტესტის მიზეზიც ესაა, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდნენ - მე დამნიშნა არა ლუკა კურტანიძემ, არამედ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა”, - განაცხადა ნუგზარ სხირელმა.
შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით თავისუფალი სტილის ნაკრების მწვრთნელი ნუგზარ სხირელი, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელი მიხეილ სალაძე იქნება.
დიმა შარიქაძე