საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის, Pro ლიცენზიის მეექვსე მოდულს თურქეთმა უმასპინძლა. ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის, ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით, ლიცენზიის მაძიებლებმა თურქეთში 16-დან 22 იანვრის ჩათვლით, ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გაიარეს.
ტრადიციულად, სასწავლო პროცესი როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს მოიცავდა. შეკრების ფარგლებში, ქართველი მწვრთნელები სხვდასხვა გუნდების ვარჯიშებსა და საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებს დაესწრნენ და შესაბამისი ანალიზი მოამზადეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსანტებს საშუალება ჰქონდათ Pro ლიცენზიის მქონე უცხოელ მწვრთნელებთან ერთად ემუშავათ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი არჩილ ჩხაბერიძე Pro ლიცენზიის მიმდინარე კურსის მონაწილეა. გამოცდილების მიღების მიზნით, ქალთა ნაკრების მწვრთნელი თურქეთისა და სლოვაკეთის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.
Pro ლიცენზიის მეექვსე მოდული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ შეაფასა:
„კურსანტებს საშუალება ჰქონდათ Pro ლიცენზიის მქონე უცხოელ მწვრთნელებთან ერთად ემუშავათ და გამოცდილება გაეზიარებინათ. მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა როგორც სავარჯიშო პროცესზე, ასევე დაკვირვება ამხანაგურ შეხვედრებზე. მწვრთნელები ერთმანეთს გამოცდილებას როგორც მინდორზე, ასევე მინდვრის გარეთ უზიარებდნენ.
მეექვსე მოდულის ბოლო დღეს, კურსის მონაწილეები Pro ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილის, საქართველოს ეროვნული ლიგის 2018 წლის გამარჯვებულის, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის ვარჯიშს დაესწრნენ და საწვრთნელი პროცესის შესახებ დეტალური ანალიზი მოამზადეს.“
www.gff.ge