ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, გარი ლინეკერმა, ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც პორტუგალიელმა საკუთარ თვითმფრინავში გადაღებული სელფი გამოაქვეყნა.
ლინეკერის უარყოფითი რეაქცია „კარდიფ სიტის“ არგენტინელი ახალწვეულის, ემილიანო სალას ტრაგიკულ გაუჩინარებას მოჰყვა.
„არასწორი დღეა ასეთი პოსტებისთვის. იმედია, რონალდუმ არ იცოდა მომხდარის შესახებ. მაგრამ ვინმეს ხომ შეეძლო ეთქვა.“ - დაწერა თავის “ტვიტერში“ ლინეკერმა.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის სალა „ნანტიდან“ „კარდიფში“ გასულ შაბათს გადავიდა, უელსური კლუბისთვის სარეკორდო 20,5 მილიონ ევროდ. ორშაბათ საღამოს ის კერძო თვითმფრინავით უელსისკენ გაფრინდა, თუმცა დაშვებამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა. სამძებრო ღონისძიებებმა ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო.