კალათბურთი

2:10 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას "დეტროიტი" ვაშინგტონში დამარცხდა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“, რომელიც ვაშინგტონში „ვიზარდსთან“ უშანსოდ იყო - 87:101.

აღნიშნული შეხვედრა „ვაშინგტონის“ კარნახით დაიწყო და მასპინძლებს მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. რაც შეეხება „დეტროიტის“ ქართველ ცენტრს, სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23:41 წუთიც გაატარა.

ხსენებულ დროში ზაზამ 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ფაჩულიამ 3-დან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. შედეგად, 66.7% სიზუსტით შეუტია მეტოქის კალათს.

„დეტროიტის“ რიგებში გამორჩეული ბლეიქ გრიფინი გახლდათ, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი შეაშველა საკუთარ გუნდს, მაგრამ თანაგუნდელთაგან მხარი სათანადოდ ვერავინ აუბა. გამარჯვებულთა შორის კი ტრევორ არიზა 20 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით იყო საუკეთესო. ტომას ბრაიანტის აქტივში კი 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.

„დეტროიტს“ 20 მოგების წილ 26 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში „პისტონსი“ 24 იანვარს, ნიუ ორლეანში, „პელიკანსს“ ესტუმრება.

0.113908