კალათბურთი

10:46 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპის” დამაჯერებელი გამარჯვება “რუსთავთან”

სუპერლიგის პირველი წრე მე-9 ტურით დასრულდა. რეგულარულმა ჩემპიონატმა ზუსტად ნახევარი განვლო და ჩემპიონატის ლიდერები და აუტსაიდერები გამოიკვეთნენ. მე-9 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს “ოლიმპი” და ბოლო ადგილზე მყოფი “რუსთავი” შეხვდნენ. ქვემოქართლელები ამ მატჩზე ახალი მწვრთნელით წარსდგნენ – საქართველოში დაბრუნდა ბერძენი სპეციალისტი, გეორგიოს კეცელიდისი, რომელმაც 2014 წელს “შსს აკადემია” სუპერლიგის ჩემპიონობამდე მიიყვანა.

ახლა კი კეცელიდისს დიდი ძალისხმევა მოუწევს, “რუსთავი” რომ ცხრილის ფსკერიდან ამოიყვანოს. ქვემოქართლელებმა, რომლებსაც მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ, დღევანდელი მატჩი 13 ქულით – 84:71 წააგეს და ცხრილის ბოლო ადგილზე დარჩნენ.

“რუსთავისთვის” წარუმატებელი გამოდგა მატჩის მე-3 პერიოდი, რომელიც კეცელიდისის გუნდმა 18:29 წააგო და ბოლო ათწუთეულის წინ 14 ქულით ჩამორჩა. აღნიშნულ პერიოდში სანაქებოდ ითამაშა ოლიმპელთა ლეგიონერმა ჩარლზ ბენეტმა, რომელმაც შორი სროლები მიითვალა და ოლიმპელთა გაქცევა განაპირობა.

ბოლო პერიოდი ისე გაილია, “რუსთავის” ყველა მცდელობა, ჩამორჩენა გაებათილებინა, ამაო გამოდგა. “ოლიმპი” დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე და სატურნირო ცხრილის შუაში გამაგრდა. “ოლიმპს” 17 ქულით და 13 მოხსნით მარკ ოგდენმა ულიდერა. 14 ქულა მოაგროვა ჩარლზ ბენეტმა, ხოლო ლუაკ გიორგაძის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 29 ქულითა და 13 მოხსნით ეგვიპტელი ლეგიონერი, აჰმედ მოავადი გამოირჩა. 15 ქულა დააგროვა კენდარიუს ჰამილტონმა, ხოლო 14 – დერილ ბრაიანტმა.

სუპერლიგის მომდევნო ტური 12 და 13 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი სუპერლიგის გუნდები თასის გათამაშებისა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალის მატჩებს გამართავენ.

ოლიმპი – რუსთავი
სტატისტიკა: 84:71

www.gbf.ge

0.122579