ბლოგი

18:45 | 20.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი“ საკუთარი სიძლიერის “მძევალია“

გასულ ოთხშაბათს ტურინის “იუვენტუსის“ დიდების დარბაზი კიდევ ერთი ტიტულით შეივსო. ტურინელებმა მოფამფალებულ “მილანს“ იტალიის სუპერთასზე კრიშტიანუ რონალდუს გოლით სძლიეს და იტალიაში ტიტულებზე დახარბებული პორტუგალიელის ამოუვსები მადა სულ მცირედით დააოკეს. ისე კი, თასის მოგება ყველგან და ყოველთვის სასიხარულია, თუნდაც იგი თვალებდაფსებული ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ გუნდთან გამარჯვებაში იყოს მიღწეული.

ბოლო დროს, ინგლისელებისა და ესპანელების დარად, იტალიის ფეხბურთის ბოსებიც გამოიქექნენ და მიხვდნენ, რომ დიდი ფული ევროპის კონტინენტის გარეთაც კარგად იშოვება. ამიტომ, ხსენებული მატჩი საუდის არაბეთის მცხუნვარე მზის ქვეშ, “მეფე აბდულას სახელობის სტადიონზე“ შედგა, სადაც უკვე იმდენი მაღალი დონის კლუბი თუ ნაკრებია ნათამაშები, ამ არენაზე ერთი კარგი გემრიელი ისტორიულ-დოკუმენტური ჟანრის წიგნი დაიწერება. თუმცა ეს სულ სხვა ამბავია, ჩვენ კი მთავარი საქმელი ტურინის “იუვენტუსზე“ გვაქვს...

რა არის დღევანადელი ტურინის “იუვენტუსი?“ ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხიც თან ახლავს. “იუვე“ არის გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგებაზე აქვს ამბიცია, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ იტალიაშია მეფე, აპენინსგარეთ კი ბოლოს რაიმე ტიტული როდის მოიპოვა ეს ძალიან ცოტა ადამიანს თუ ახსოვს. ფინალში წაგებათა დიდი და ცრემლით სავსე ისტორიაში მარათონი რომ ტარდებოდეს, მხოლოდ ის გვექნებოდა დარდად, აქამდე რატომ არასოდეს გადაიკვეთა “იუვენტუსისა“ და ექტორ რაულ კუპერის გზები, თორემ “ლუზერობით“ ერთმანეთს მართლაც რომ მშვენივრად შეავსებდნენ.

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს რომაა, ასეთი უინტერესო და ნაკლებად დამაინტრიგებელი კარგა ხანია არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებშიც საბოლოო ჯამში ჩემპიონის ტიტულს “იუვენტუსი“ იგებდა, სერია “ა“-ს მიმდინარეობა მუდამ სავსე იყო მოულოდნელობებით, სიურპრიზებით და ხშირად ჩემპიონის ბედი ბოლო ტურებში წყდებოდა. ქომაგისთვის ეს მნიშვნელვანი იყო, “ზებრებისთვის“ კი აუცილებელი, რადგან გამძაფრებული კონკურენცია ტურინელ ფეხბურთელებს მუდმივად სათამაშო ფორმაში ყოფნას აიძულებდა.

ახლა კი რა ხდება... იტალიის მასშტაბით ისედაც მძლავრი “გამარჯვებების მანქანა“ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ მთლად უკონკურენტო გახდა და იტალიის ჩემპიონატი დაემსგავსა გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს საფეხბურთო პირველობას სადაც ყველამ იცოდა, რომ თბილისის “დინამო“ უაპელაციოდ ჩემპიონი იყო და ქომაგები მხოლოდ მეორე და მესამე ადგილზე გამსვლელი გუნდების ბედით ვინტერესდებოდით.

“იუვენტუსი“ რომ ძალიან ძლიერია, ეს ტურინელების ბრალი არაა და ამ ამბავში უფრო მეტი “დანაშაული“ მიუძღვით სხვა გუნების მესვეურებს, რომლებმაც არ და ვერ გაბედეს ან ვერ შეძლეს ბევრი ფულის დახარჯვა. თანამედროვე ფეხბურთში სამწუხაროდ დიდი ფულის დახარჯვის გარეშე ძლიერი ფეხბურთელები ახლოს არ გეკარებიან. წარმატება კი კარგ ფეხბურთელებზე დგას.

ამ გრანდიოზულობამ და სიმძლავრემ “იუვენტუსი“ დიდი გამოწვევებისა და საფიქრალის წინაშეც დააყენა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გუნდი ამჟამად საკუთარი სიძლიერის მძევალია. რაკი იტალიის ჩემპიონატში ინტრიგა მონავლებულია, ალეგრის გუნდისგან ქომაგები უკვე ხმამაღლა მოითხოვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რაც ამ ეტაპზე ურთულესი საქმეა, რადგან ტურინულ გუნდს ყველა მეტოქე ასმაგი მოტივაციით ეთამაშება. კრიშიანუ რონალდუ უდავოდ დიდი ძალაა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი მხოლოდ ერთ კაცს და მის საოცარ უნარებს (თუნდაც იგი რონალდუ იყოს) ვერ დაეყრდნობა. სხვა რამაა მოსაფიქრებელი და იღბალსაც უნდა გაეწიოს ანგარიში. წარუმატებლობას ახლა “იუვენტუსს“ აღარავინ აპატიებს!

0.125745