ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისს ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში, მიუნხენში გაიმართა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული მწვრთნელთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიშიც მონაწილეობდა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებისა და თბილისის პეგასის მწვრთნელი, გიორგი სახვაძე.
გიორგი სახვაძე 37 წლისაა და მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, 6 წელია, მწვრთნელად მუშაობს თბილისის პეგასში. მესამე სეზონია, რაც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრიცაა - ჯერ 2000 წელში დაბადებულთა გუნდთან მუშაობდა ევროპის ორ ჩემპიონატზე, წლეულს კი მომდევნო თაობის ჭაბუკთა ნაკრებშიცაა. ამ გუნდს წლეულს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი უწევს შვედეთში. სახვაძე თავად მოგვიყვება სიმპოზიუმის პროგრამასა და მონაწილეებზე.
გიორგი სახვაძე: - სიმპოზიუმზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მიმავლინა. ღონისძიება ოთხდღიანი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტი მწვრთნელი ყველა კონფედერაციიდან, ანუ ყველა კონტინენტიდან. გარდა ამისა, მრავლად იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრები, მათ შორის - წარსულში სახელოვანი ხელბურთელები, მწვრთნელები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ლექციებს. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები მიმდინარეობდა „ოლიმპიაჰალეს“ სავარჯიშო დარბაზში, რომლის ტრიბუნებიც მუდმივად სავსე იყო.
სიმპოზიუმი გახსნა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა დოქტორმა ჰასან მუსტაფამ, შემდეგ კი პირველი ლექცია ჩაგვიტარა ცნობილმა ისლანდიელმა სპეციალისტმა დაგურ სიგურდსონმა, რომელიც 4 წელის გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იყო, ახლ კი იაპონიის ეროვნულ გუნდს ამზადებს ტოკიოს ოლიმპიადისთვის - სიგურდსონი გვესაუბრა განსხვავებაზე ევროპულ და აზიურ ხელბურთს შორის და სხვადახვა სამწვრთნელო მიდგომებზე.
ამის შემდეგ ბარსელონას მწვრთნელმა, ხავიერ პასკუალმა ჩაგვიტარა ლექცია აქტიური დაცვის შესახებ და დაწვრილებით გაგვიზიარა თავისი მოსაზრებები როგორც მოთამაშეთა ინდივიდუალური ასევე გუნდური მოქმედებებისა და ტაქტიკის შესახებ.
მეორე დღეს ხელბურთის ცნობილმა ექსპერტი კლაუს ფელდმანი, რომელიც რამდენჯერმეა საქართველოში ნამყოფი, მათ შორის სალექციო კურსითაც, გვესაუბრა მატჩების გაანალიზების მნიშვნელობაზე და ამის შემდგომ გამოყენებაზე საწვრთნელ პროცესში.
მომდევნო ლექტორი იყო გერმანელი დავიდ გრიოგერი, რომელიც ჯერ გვესაუბრა მოთამაშეების ფიზიკურ მომზადებასა და განვითარებაზე, მესამე დღეს კი მანვე წაგვკითხა ლექცია ტრავმების თავიდან აცილების შესახებ ვარჯიშებზე.
და ბოლოს იყო დანიურ კლუბის, სილკებორგის მთავარი მწვრთნელის პეტერ ლარსენის ძალიან საინტერესო სემინარი მოთამაშეთა წვრთნისა და განვითარებისთვის კარგი გარემოს შექმნის შესახებ. ლარსენმა გაგვიმახვილა ყურადღება ჯანსაღ ურთიერთობებზე ხელბურთის გუნდში, მათ შორის სპეციფიურ ნიუანსებზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებში, რაც ჩემთვის, როგორც ჭაბუკთა მწვრთნელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
როგორც გითხარით, გვქონდა პრაქტიკული მეცადინეობებიც და, ამასთან ერთად, ერთად ვნახეთ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი და გავარჩიეთ კიდეც. ბოლოს გადმოგვეცა სერთიფიკატებიც სიმპოზიუმის სრული კურსის გავლის შესახებ.
ვიდეო, სიმპოზიუმის გახსნა: https://www.facebook.com/search/top/?q=IHF%20Coaches%20Symposium%20in%20Munich&epa=SEARCH_BOX