26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით ქომაგებისადმი მცირე მიმართვა გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
“მოგესალმებით მეგობრებო. რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად კორტზე.
ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი. ჩვენ ვსწავლობთ და უფრო ძლიერნი დავბრუნდებით. ჯერ საკმარისად კარგები არ ვართ”.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე 2 წრე დასძლია, დღეს დილით კი, მსოფლიოს მე-15 ჩოგან სტეფანოს ციციპასთან (საბერძნეთი) 3:6, 6:3, 6:7 (7:9), 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზის შემდეგი გაჩერება ბულგარეთი იქნება. 4 თებერვლიდან ის სოფიის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.