ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე 2019 წლის პირველი სუპერტურნირიდან მოიხსნა, რაც მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოში მარჯვენა ბარძაყის ტრავმით ჩაება და დოჰიოზე სრული დატვირთვით გარჯას ვერ ახერხებდა.
31 წლის ქართველმა სეკიტორმა ტურნირზე მიჯრით 4 მარცხი განიცადა, რის შემდეგაც ასპარეზობის ნაადრევად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ამგვარად, ტოჩინოშინისთვის უდიდესი მნიშვნელობა მიეცა მომდევნო სუპერტურნირს. თუკი ლევანმა მარტის ბაშოზე მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მაინც ვერ დააფიქსირა, ოძეკის წოდებას დაკარგავს და სეკივაკე გახდება.
ტოჩინოშინის უარის გამო, დღეს, ჰაცუ ბაშოზე გამარჯვება უბრძოლველად გაიფორმა დასავლეთის მე-3 მაეგაშირა შოჰოძანმა.
ამასობაში, რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დადებითი ბალანსი დაიბრუნა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ, რომელიც მე-14 განთესვით ირჯება. ქართველმა გოლიათმა ჰაცუ ბაშოს მე-5 დღეს მე-12 ნომერ ტაკეკაძეს ოშიდაშით სძლია და მე-3 გამარჯვება გაიფორმა. ხვალ, გაგამარუ ძალებს კიოკუშუჰოსთან (მე-13) მოსინჯავს.
დასასრულ, ერთ სასიამოვნო და ამავდროულად მნიშვნელოვან დეტალზე. დღევანდელი ორთაბრძოლებისას მთავარი მსაჯი ანუ გიოჯი დოჰიოზე საქართველოს დროშით გაწყობილი კიმონოთი გავიდა, რაც უდიდესი დაფასება და ჩვენი სუმოისტების ღვაწლის გამოძახილია.