კვიპროსის თასის 1/8 ფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“, რომლის ღირსებას ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე იცავენ, „ენოსის“ უმასპინძლა, რომლის რიგებშიც ირაკლი მაისურაძე თამაშობს.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მსაჯის კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 3:2 მოიგეს. იქამდე კი ფამაგუსტელთა შორის, თავის გამოჩენა მიქელთაძემ მოასწრო.
26-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბექა ფლანგური გადაცემის შემდეგ დასწრებაზე ჩინებულად გაისარჯა და ერთი შეხებით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მიქელთაძეს ამის შემდეგაც ორჯერ შეეძლო გოლის გატანა - ჯერ მეკარემ აჯობა, მერე კი ძელს გაარტყა ბურთი.
საბოლოოდ, „ენოსისმა“ თამაში შემოატრიალა და საპასუხო მატჩის წინ კარგი უპირატესობა შეიქმნა.
„ანორთოსის“ რიგებში გოლის ავტორმა მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაჭარავა მოედანზე 72-ე წუთამდე იმყოფებოდა. „ენოსის“ შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა მაისურაძემ, რომელიც 65-ე წუთზე გააფრთხილეს. ამ გუნდთა საპასუხო შეხვედრა 23 იანვარს გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა მეოთხედფინალისტის ვინაობა.