ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელი სიამოვნებით იქნებოდა. თუმცა, იტალიელი კიპერი მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს. მისი თქმით, პსჟ-ში ნეიმარისა და კილიან მბაპეს ფაქტორის გამოც გადაწყვიტა გადასვლა.
„ჩემს კარიერაში ყოველთვის მომწონდა საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ვფიქრობ, ასეც იყო და საუკეთესოებთან ვითამაშე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველასთან ვერ ვითამაშე. მაშინ, გუნდები ყოველწელს უნდა შემეცვალა.
რა თქმა უნდა, რონალდუსთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი. მაგრამ, პსჟ-დან როდესაც დამირეკეს და წინადადება მივიღე, კარიერის გაგრძელება გადავწყვიტე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამ გუნდს დიდი მიზნები აქვს და აქ არიან ნეიმარი და მბაპე, რომელთა გამოც ეს არჩევანი გავაკეთე“, - განაცხადა ბუფონმა Esporte Interativo-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ (1995-2001), „იუვენტუსში“ (2001-2018) და ახლა უკვე პსჟ-ში თამაშობს. იტალიის ნაკრების ღირსებას კი 1997-2018 წლებში იცავდა. აღსანიშნავია, რომ მან "იუვე" მაშინ დატოვა, როდესაც რონალდუმ ამ გუნდის მაისური მოირგო.