სხვა

13:07 | 15.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მესამე მარცხი

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური 2019 წლის პირველ სუპერტურნირზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება და უკვე 3 მარცხი განიცადა.

დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის კომუსუბი მიოგირიუს გაეჯიბრა და იორიკირით წააგო, არადა, აქამდე, მასთან დადებითი ბალანსი (12:7) ჰქონდა. ქართველ სეკიტორს მომდევნო ორთაბრძოლა ხვალ ელის, როდესაც ძალებს დასავლეთის სეკივაკე ტამავაშისთან მოსინჯავს. ლევანი 34 წლის მონღოლს ურთიერთშეხვედრებში 16:9-ს უგებს.
საინტერესოა, რომ ტოჩინოშინის დარად ცუდად მისდით საქმეები სხვა ფავორიტებსაც: ასევე მოუგებლად არიან დარჩენილნი იოკოძუნა კისენოსატო და ოძეკი გოეიდო, ხოლო ოძეკი ტაკაიასუმ და იოკოძუნა კაკურიუმ დღეს უკვე მეორედ წააგეს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დადებით ბალანსზე (2 მოგება, 1 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა გოლიათმა, რომელიც მე-14 განთესვით ირჯება, დღეს, ასევე მე-14 ნომერ ჩიიონოუმის ჰატაკიკომით აჯობა.
გაგამარუ ჰაცუ ბაშოზე წარმატებული სვლის გაგრძელებას 15 იანვარს ეცდება, როდესაც მე-11 რეიტინგოსან ცურუგიშოს გაეჯიბრება. ჩვენებური იაპონელთან ურთიერთშეხვედრებში 3:4-ს აგებს.

0.124797