კალათბურთი

0:21 | 14.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 21-ქულიანი დებიუტი პოლონეთში

26 წლის ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ, რომელიც მცირე ხნის წინ პოლონურ “როსა რადომს” შეუერთდა, თავის გამოჩენა პირველივე მატჩში მოახერხა.

სანაძის ახალმა კლუბმა “ლუბლინთან” გასვლითი შეხვედრა 91:109 წააგო, დუდა კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:24 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
სანაძემ 7-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერი სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტიც (15) საუკეთესო ჰქონდა. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენებურის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მასპინძლებზე 2 ქულით მეტი ჩააგდო, არადა, თამაში, როგორც აღვნიშნეთ, 18 ქულით დათმო.
“როსა რადომს” 5 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 20 იანვარს, შინ, “ოსტროვთან” ჩაატარებს.

0.110245