გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” იტალიის სერია A2-ის აღმოსავლეთ ზონაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი შეიტანა.
სარდინიელებმა “უნიევრო ფორლისთან” სტუმრად 101:87 მოიგეს, ჯანელიძე კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:57 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
გიგამ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში კალიარელებმა მეტოქეზე 17 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
გიგას გუნდმა 16 ტურში მე-4 გამარჯვება მიითვალა და მართალია, ბოლო ადგილზე რჩება, სამ მეტოქეს მხოლოდ თითო მოგებითღა ჩამორჩება.
“დინამო კალიარი” მომდევნო მატჩს 20 იანვარს, შინ, ჩვენებურის ყოფილ კლუბ “როზეტოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.