კალათბურთი

0:55 | 13.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი "უნიკახას" გამარჯვებაში 13 ქულით შეეწია

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ „ესტუდიანტესს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 82:76.

მალაგელები მთელი თამაშის განმავლობაში იგებდნენ და ბოლო პერიოდის წინ თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო, რადგან მასპინძელთა უპირატესობა 14 ქულას შეადგენდა. დასკვნით ათწუთეულში „უნიკახა“ ოდნავ მოდუნდა და შედეგად ქულათა სხვაობა შემცირდა, მაგრამ საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ანდალუზიელთა რიგებში კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს. ქართველმა ცენტრმა 26:21 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.

„უნიკახას“ 16 ტურის შემდეგ 11 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, სტუმრად „ობრადორიოსთან“ გამართავენ.

0.118514