ჩოგბურთი

19:43 | 10.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში 28 პროფესიონალი ჩოგბურთელი დააკავეს
საუბარია “ჩელენჯერებსა” და “ფიუჩერსებზე” 97 გარიგებულ მატჩზე

ესპანეთის პოლიციამ 28 პროფესიონალი ჩოგბურთელი დააკავა. ბრიტანული Independent.co.uk-ის ცნობით, საქმე ეხება გამოძიებას გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. დაკავებულთა ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა 2018 წელს აშშ-ს ღია პირველობაზეც კი ითამაშა.

სამართალდამცველებმა რეიდი 11 სახლში ჩაატარეს და ჯამში 83 ადამიანი “აიყვანეს”. ამას გარდა, ამოღებულ იქნა 151 ათასი ევრო, 50 ელექტრონული მოწყობილობა, 5 ძვირადღირებული ავტომობილი, საკრედიტო ბარათები და სხვადასხვა დოკუმენტები. პოლიციამ 41 საბანკო ანგარიშიც “გაყინა”.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარიგებული მატჩების გამოვლენისთვის მოღვაწე სპეციალურმა ორგანიზაციამ “ჩელენჯერებსა” და “ფიუჩერსებზე” უცნაური აქტივობები დააფიქსირა (ევროპოლის ინფორმაციით, საუბარია 97 “ჩაწყობილ” თამაშზე).
სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ჩოგბურთელს ბრალს დანარჩენი მოთამაშებსა და დანაშაულებრივი სამყაროს წევრებს შორის შუამავლობისთვისაც წაუყენებენ.
საგულისხმოა, რომ გარიგებულ მატჩებს სომხური დაჯგუფების წევრები ესწრებოდნენ. მათ თვალი უნდა ედევნებინათ, რომ ჩოგბურთელებს წინასწარ შეთანხმებული შედეგები დაეფიქსირებინათ.

0.12685