ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითადი ბადის წილისყრა შედგა და შეიძლება ითქვას, რომ მე-19 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილის გადმოსახედიდან მას არაფერი დაეწუნება.
26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ბადის ქვედა ნახევრის მე-6 სექციაში მოხვდა და წლის პირველი სლემტურნირის საწყის შეხვედრაში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ეთამაშება.
თუკი ნიკამ ამ ჯერჯერობით უცნობ ჩოგბურთელს აჯობა, რისი დიდი იმედიც გვაქვს, მე-2 რაუნდში არგენტინელ გუიდო ანდრეოცისა (მსოფლიოს მე-80 ჩოგანი) და კიდევ ერთ კვალიფიკანტს შორის უმჯობესს ელის.
მორიგი წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილს მე-3 წრეში სავარაუდოდ მე-14 ნომრად განთესილ ბერძენ სტეფანოს ციციპასთან ჭიდილი მოუწევს ელის, ბადის ამავე სექციაში კი მე-3 განთესვის მქონე ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც იმყოფება.
მოკლედ, წილისყრის დროს იღბალი აშკარად ქართველი სპორტსმენის მხარეს იყო და ახლა, მთავარია, ჩვენებური შანსს როგორ გამოიყენებს.
თუ ვინ იქნება პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ხვალ დილით გაირკვევა, როდესაც საკვალიფიკაციო ბადის დასკვნითი შეხვედრები ჩატარდება.